„ნათია ჯანაშიას (მინორიტარი აქციონერი 30%-იანი წილით) ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მისი დირექტორობიდან წასვლის შემდეგ "ბრიტანულ-ქართული აკადემიას" "არაპროფესიონალები მართავენ", სრულად გაცამტვერდა იმ ფაქტის ფონზე, რაც წინა კვირას გაცხადდა - აკადემია საერთაშორისო სკოლების საბჭოს (Council of International Schools - CIS) წევრი გახდა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე საუბრობს, რომელიც "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ცუცქირიძის თქმით, ნათია ჯანაშიას ნარატივთან კრიტიკულ დისონანსში მოდის ფაქტი, რომ აკადემიამ შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში გაწევრება.
"საერთაშორისო სკოლების საბჭოს - CIS არ წარმოადგენს ფორმალურ გაერთიანებას, სადაც წევრობა მხოლოდ განაცხადის შევსებით მიიღება. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მმართველობის ხარისხს, ეთიკურ სტანდარტებს, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მუდმივი განვითარების კულტურას, საგანმანათლებლო გარემოსა და განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, მისი წევრი ვერ გახდება იმ ტიპის ინსტიტუტი, რომელიც ჩამოთვლილ მიმართულებებში სამაგალითო არ იქნება.
აკადემიის მორიგი აღიარება და წარმატება აფასებს და ასახავს სკოლის რეალურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნათია ჯანაშიას განცხადებები, რითაც იგი უხეშად ცდილობს აკადემიის მოქმედი მენეჯმენტი სკოლის მართვისთვის შეუსაბამოდ წარუდგინოს საზოგადოებას, სხვა არაფერია, თუ არაკორპორაციულ კონფლიქტთან დაკავშირებული, უკიდურესად სუბიექტური შეფასება", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, აშკარა ხდება, რომ ხმამაღალი ბრალდებები ვერ ცვლის ფაქტებს. ფაქტი კი არის ის, რომ სკოლა იღებს საერთაშორისო აღიარებას, განუხრელად ზრდის პროფესიულ რეპუტაციას დააგრძელებს წარმატებულ ფუნქციობას.
„ნათია ჯანაშია სულ უფრო ღრმად ეფლობა ემოციურ დისკურსში, შორდება რეალურ სურათს და კარგავს დამაჯერებლობას. რეალობაა ასეთია: ერთ მხარეს არის კონკრეტული პიროვნება, რომელმაც გაყიდა თავისი წილის 70% და იშოვა 30 მილიონი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს დირექტორობიდან, დაკარგა მრავალმილიონიანი ხელფასი (ამბობენ 5 მილიონი ქონდაო), ბუნებრივია, განაწყენებულია და დავა აქვს წამოწყებული ინვესტორთან, ხოლო მეორე მხარეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საგანმანათლებლო გაერთიანება (123 ქვეყნის 1550 სკოლაზე მეტს აერთიანებს). რეზიუმეც კი არ ჭირდება ამას - „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ ნდობის უმაღლესს მანდატს იღებს - იღებს უმაღლეს აღიარებას საერთაშორისო სკოლების საბჭოსგან და ასრულებს გაცხადებულ დაპირებას", - დასძენს გიორგი ცუცქირიძე.