რამდენიმე წელში თბილისსა და რუსთავს შორის სრულიად ახალი სტუდენტური საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა მივიღოთ, სადაც ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნება გადასული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება მაღალი სტანდარტის და ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე.

„საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით თბილისსა და ქუთაისში, „ჰაბებთან“ დაკავშირებით, ეს არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია, თუმცა, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე უშუალოდ პირდაპირი კომუნიკაციით, ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად, ყოველდღიური ურთიერთობის რეჟიმი, როგორც მინისტრთან, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომელიც ძირითადად, არის დამკვეთი ამ სამუშაოების. მთავრობის დადგენილებით, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქი. აქ არ არის მხოლოდ კამპუსებზე საუბარი, სადაც შესაძლებელი იქნება, ახალგაზრდები განთავსდნენ მაღალი სტანდარტის საცხოვრებელში. ეს იქნება მაღალი სტანდარტის და იაფი, ანუ, ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე. ამასთანავე, იქ იგეგმება თანამედროვე სასწავლო შემეცნებითი და გასართობი ინფრასტრუქტურის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობა. ამ კუთხით, რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე აქტიურად აქვს დაწყებული პროექტირება ამ დადგენილების საფუძველზე; გარკვეული მიწები არის სახელმწიფოს საკუთრებაში, გარკვეული მიწები კი კერძო საკუთრებაში და შესაბამისად, ხდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწების შეფასება, ამ მიწების ნაწილი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდულია, ხოლო ის, რაც დარჩენილი არის, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც გვაძლევს აბსოლუტურად ხედვას იმისა, რომ გეგმით რაც არის განსაზღვრული, ეს პროცესი მიმდინარეობს შეფერხების გარეშე და რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისსა და რუსთავს შორის სრულიად ახალი სტუდენტური საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა მივიღოთ, სადაც ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნება გადასული“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ეს არ ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ შენობებს, რომლებსაც კულტურული და ისტორიული დანიშნულება აქვთ.

„ეს შენობები და ეს ნაგებობები აუცილებლად შენარჩუნებული იქნება, მოხდება სრული რეაბილიტაცია და უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი ამ ინფრასტრუქტურაში კვლავაც გააგრძელებს ფუნქციონირებას, ისევე, როგორც დღესაც ფუნქციონირებს. ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეა, შემიძლია დაგარწმუნოთ და საზოგადოება უკვე მალე იხილავს, რომ პირველი სამშენებლო პროცესები იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, კონკრეტულად დაახლოებით, რა ვადებზეა საუბარი, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ზუსტ ვადებზე საუბარი გაუჭირდება, რადგან ეს უკვე შემდგომში ტენდერზეა დამოკიდებული, რა დროს წაიღებს ტენდერი, იქნება თუ არა პირველივე ტენდერიდან გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია და ა.შ.

„ამიტომ, ვფიქრობ, სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან უკვე პირველი კონკრეტული სამუშაოები შესაძლოა, დაიწყოს კიდეც“, – აღნიშნა  მიქანაძემ.