ლუვრის მთავარ ღირსშესანიშნაობას, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“, ცალკე მიწისქვეშა დარბაზში გადაიტანენ, რომელსაც საკუთარი შესასვლელი ექნება. დარბაზში მხოლოდ ეს შედევრი იქნება გამოფენილი.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც დააპროექტებენ დარბაზს „მონა ლიზასთვის“, ახლახან პარიზში დაასახელეს. ეს არის ბიურო ნიუ-იორკიდან და პარიზული სტუდია. ისინი 100 პრეტენდენტს შორის შეარჩიეს.

ამ არასტანდარტული პროექტის მიზანი „მონა ლიზასთან“ ვიზიტორთა ნაკადის პრობლემის გადაჭრაა. ყოველწლიურად, ლუვრი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუზეუმი, დაახლოებით 9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს და მათგან სამი მეოთხედი - დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი - მუზეუმში სპეციალურად „მონა ლიზასთვის“ ჩადის. ყოველდღიურად, 20 000-დან 24 000-მდე ტურისტი გადის დარბაზში, სადაც ლეონარდო და ვინჩის შედევრია გამოფენილი. წესების თანახმად, თითოეულ ვიზიტორს შეუძლია ნახატის წინ ერთ წუთზე ნაკლები ხნით დგომა. ოთახში ერთდროულად არაუმეტეს 250-300 ვიზიტორის ყოფნაა დაშვებული, რომლებსაც უწევთ ყურადღება ცნობილ პორტრეტს და დარბაზში ჩამოკიდებულ სხვა 43 ნახატს შორის გადაანაწილონ.

„მონა ლიზასთვის“ ცალკე დარბაზი შიდა ეზოს აღმოსავლეთი მხარის ქვეშ განთავსდება. ვიზიტორებს შეეძლებათ სპეციალური ბილეთის შეძენა და ამ დარბაზში ცალკე შესვლა, მუზეუმის გავლის გარეშე.

„ჯოკონდას“ახალი დარბაზი ლუვრის რეკონსტრუქციის მხოლოდ ნაწილი იქნება. მას მასშტაბური განახლება ელოდება, რომელსაც უკვე უწოდებენ მუზეუმის „ახალ რენესანსს“. ლუვრს ორი ახალი მიწისქვეშა შესასვლელი, დამატებითი საგამოფენო სივრცეები, რესტორნები და სუვენირების მაღაზიები ექნება. წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის შემდეგ, ლუვრი წელიწადში დაახლოებით სამი მილიონით მეტი ადამიანის მიღებას შეძლებს.

წყარო: euro-pulse