საქართველოში ლუდის რეალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 2-3%-ის ფარგლებშია.

როგორც „ეფ ეს  საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, კლიმატური პირობების გამო, წელს ლუდის ინდუსტრიამ სეზონიც შედარებით გვიან დაიწყო. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა მოახდინა.

"ზოგადად,  სპორტული ღონისძიებები დიდ გავლენას ახდენს და პირდაპირ კოლერაციაშია  ლუდის გაყიდვებთან, თუმცა ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის ამერიკის კონტინენტზე ჩატარების, ასევე ღამის თამაშების გამო, ისეთი ეფექტი არ გვაქვს. ეს სამწუხარო ფაქტია. თუმცა  არის თამაშები, რომელიც ჩვენი დროით საღამოს საათებშია. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატს მაშინ, როცა საქართველო თამაშობდა და საინტერესოდ ხდებოდა გაყიდვების ზრდა“,- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამინდის გამოსწორებასთან და ტურიზმის ნაკადის ზრდასთან ერთად, ინდუსტრიაში მოლოდინია, რომ 2026  წელს ლუდის სექტორი  2-3%-იანი მატებით დაასრულებს.

„ლუდის წარმოება  ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული ინდუსტრიაა. პროდუქციის თითქმის 90 % საქართველოში იწარმოება. რაც შეეხება ფასებს -  სტაბილურია, პროდუქციის გაძვირება  გავლენას ახდენს გაყიდვების რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს სექტორში ეს ბალანსი ყოველთვის არის დაცული. ინფლაციური პროცესების მიღმა ლუდის ფასები არ იზრდება  და ვერც გაიზრდება, რადგან დიდი კონკურენციაა ბაზარზე“,-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მთლიანობაში, ქართული ლუდის ბაზარი წლიურად 140 მილიონ ლიტრს აღწევს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი