100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.
"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება - 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
"კომერსანტი" ამ სტატიაში გაგაცნობთ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობისთვის, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის გამიზნული დასავლური პროექტების დაპაუზების რისკებს.
"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:
გაურკვეველ ფაზაშია გადასული, ევროპული ინვესტიციით - "მაერსკის ჯგუფის“ და „APM ტერმინალსის“ 600 დან 900 მლნ ლარამდე ღირებულების ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი - აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზე დავა სახელმწიფოსთან ექვსი წელი მიმდინარეობს. პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალწყვის მქონე გემები.
სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მოწყობის პროექტი, გამარჯვებული ჯერ კიდევ, 2018 წელს უნდა გამოვლენილიყო, ინვესტორი გაურკვეველია, ღირებულება - 400 მლნ ლარი, ლოგისტიკური ცენტრების პროექტის განუხორციელებლობის ერთ - ერთი მიზეზი ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერებაა, რადგანაც ანაკლიის ნავსადგურში ტვირთნაკადების გენერირების პირობებში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას რეალური პერსპექტივები გააჩნია. ბუნებრივია, ისედაც გაჭიანურებული პროექტი დონორების მხრიდან, სავარაუდო შეფერხების წინაშე აღმოჩნდება.
2015 წელს აგროსექტორში დაკავებულ მეწარმეებთან შეთანხმებით დაანონსდა, ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც ევროკავშირის (EU) მიერ 170 მლნ ლარის დაფინანსებით უნდა დაფინანსებულიყო, კარგო ტერმინალი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის „იმერეთის აგროზონის“ პროექტის პარალელურად უნდა აშენებულიყო, მოგვიანებით 2019 წელს 5 კმ ში კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტიდან განისაზღვრა ტერმინალის განთავსების ტერიტორია. სადღეისოდ, არც აგროზონის და არც კარგო ტერმინალის პროექტი არ განხორციელებულა.
დაპაუზების მაღალი პერსპექტივით ხასიათდება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) თანამონაწილეობით - 70 მლნ ლარით დასაფინანსებელი Pace ჯგუფი - ფოთის საზღვაო ნავსადგური - ახალი ნავმისადგომის მშენებლობის პროექტი - რომელიც ითვალისწინებს ახალი ნავმისადგომის მშენებლობას და დამატებით 1 მილიონ ტონა ტვირთს გადამუშავებას. რისთვისაც კომპანიას გადაეცემა, ტერიტორია, რომელიც ზღვის ფსკერს მოიცავს, სადაც ახალი ნავმისადგომისთვის ხიმინჯები და შემდგომ ნავმისადგომი მოეწყობა.
თბილისისთვის, როგორც სატრანსპორტო დერეფნის, ძირითადი კვანძის, ტვირთების შემკრებ - გამანაწილებელი ფუნქციის შესრულებისათვის, მნიშვნელოვანია, თბილისის ირგვლივ, ლოგისტიკური ცენტრების და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დონორების დაფინანსებით მიმდინარეობს, ასეთი სამი პროექტის განვითარება, ჯამური ინვესტიციით 50 მლნ ლარი ა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ დაფინასებული თბილისის აეროპორტთან FedEx-ის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი, ბ. თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან (გეზ) ლოგისტიკური ცენტრის პროექტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინასებული Gebrüder Weiss ლოგისტიკური ცენტრის ინფრასტრუქტურის გაფართოების პროექტი. მიუხედავად ინვესტიის სიმცირისა, სტრატეგიულობიდან გამომდინარე, სამივე პროექტს დაპაუზების საფრთხე ემუქრება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) დაფინანსებით - საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი - რომლის მიზანია, თანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საფუძველზე, საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობის და სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისება.
"კომერსანტის" შემდეგი სტატია, სადაც ქვეყნის გარემოსდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გამიზნული დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება დღესვე 12 საათზე. დაგველოდეთ და იკითხეთ "კომერსანტი".
ცნობისთვის, "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.
მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.
ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა, სადაც 9 პროექტის შემთხვევაში იკვეთება დაპაუზების რისკი.
სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, - ამ მხრივ, განიხილება 6 პროექტის შეჩერების ალბათობა.
გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.