ძალიან დიდი გეგმები გვაქვს საჰაერო მიმოსვლის ნაწილში. მიზანია, რომ საქართველომ უზრუნველყოს მაქსიმალურად გაზრდილი მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ღირსეულად მასპინძლობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული მონაცემებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ახალი, ბევრად დიდი აეროპორტი.
"ამის საჭიროება და მოთხოვნა არის, ჩვენ გვაქვს ძალიან სიღრმისეული ანალიზი გაკეთებული აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში გაკეთდა პირველადი ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენს გვაქვს განსაზღვრული მგზავრთნაკადის პროგნოზი, ისევე როგორც ტვირთნაკადის პროგნოზი, ასევე ტურისტული ნაკადების პროგნოზი 2050 წლამდე, რა იქნება ის ზრდის დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ექნება. დღეს, ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერიტორიული შემჭიდროებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს გაუმკლავდეს გაზრდილ მგზავრთნაკადს, რასაც ასევე ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს.
ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიაში გვაქვს რეკორდული მონაცემები, 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად კვარტალში ერთხელ ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოგვყავს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და პროდუქტის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელშესახები შედეგი გვაქვს და რეკორდულია, მათ შორის, ტურიზმიდან მიღებული. 6,3 მილიარდი ამერიკული დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული. ზუსტად ეს დინამიკა, რომელიც რეკორდიდან რეკორდამდე იზრდება, ჩვენ გეგმაზომიერად ვიყურებით წინ იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რუსთავი 2