„თუ მაგალითად ითქვა, რომ კონკრეტული რიცხვიდან აღარ იქნება უვიზო მიმოსვლა, 3 თვე მაინც დასჭირდება ძველი სისტემის დაბრუნებას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, კომპანია “კლარკ&რობინსონის” ხელმძღვანელი მამუკა კელაურაძემ განუცხადა.
ბოლო პერიოდში, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხზე. განსაკუთრებით, მოლოდინები მაღალია მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 7 ოქტომბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს დაუჭირა მხარი. კერძოდ, მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი ამარტივებს უვიზოდ მოგზაურობის გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნებისთვის, ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი იმედს იტოვებს, რომ ევროპა ცალკეული შეზღუდვების დაწესებით შემოიფარგლება და მოქალაქეებს კავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას დატოვებს. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ქვეყანას მოუწევს ძველ სისტემაზე გადაწყობა.
„იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება ეს ამბავი. ალბათ, საბოლოო ჯამში იქამდე მივლენ, რომ ვიღაცებს პერსონალურად დაუწესებენ შეზღუდვებს, უკვე აქვთ კიდეც დაწესებული. არ ვიცი ვისთვის, მაგრამ საჯაროდ ვიცით ყველამ, 300 კაცზეა დაახლოებით საუბარი. შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ უბრალო მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არ მგონია ან აწყობდეს ევროპას, ან მიზანშეწონილი იყოს. თუმცაღა, პოლიტიკური საკითხია და ვის თავში როგორ მოიხარშება საბოლოო ჯამში, ამაზე პროგნოზების კეთება ძალიან რთულია.
ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ გაგვიუქმეს უვიზო მიმოსვლა, იგივე რეჟიმი ჩაირთვება საკონსულოების, რაც მანამდე იყო. თუ მაგალითად ითქვა, რომ კონკრეტული რიცხვიდან აღარ იქნება უვიზო მიმოსვლა, 3 თვე მაინც დასჭირდება ძველი სისტემის დაბრუნებას. უვიზო რეჟიმი თუ გაუქმდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მყისიერად მეორე დღიდანვე ვეღარ შევალთ ევროპაში. გარკვეული პერიოდი დაითქმება, როცა ისევ აღდგება საკონსულოები, სავიზო ცენტრები და ამის შემდგომ დაგვაბრუნებენ ძველ რეჟიმზე“, - განაცხადა კელაურაძემ.
მისივე თქმით, ძველი რეჟიმი, რა თქმა უნდა, არასასურველია, ევროპის ვიზის მიღებას დაახლოებით, 2 კვირა დასჭირდება.
„ბოლო პერიოდში, სანამ უვიზო მიმოსვლა შემოვიდოდა, ყველა ქვეყანას თავისი პროცედურები ჰქონდა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 2 კვირა სჭირდებოდა პასუხს. სავარაუდოდ, ყველაფერი იგივე იქნება. სავიზო ცენტრში ფული იქნება გადასახდელი, საბუთები მისატანი. ვინც მიდის ტურისტული მიზნებით ევროპაში, დოკუმენტაცია რაც მიგვაქვს ხოლმე თან, ბილეთები, სასტუმრო, ბანკის ამონაწერი, მერე მოგვიწევს საკონსულოში ან სავიზო ცენტრში მივიტანოთ. მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ არ მოგვიწევს უვიზო რეჟიმის ფორმატზე დაბრუნება“, - აცხადებს მამუკა კელაურიძე.
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეზიდენტებისთვის სამოგზაუროდ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება EU-ს წევრი ქვეყნები იყო. განხორციელებული 784.8 ათასი ვიზიტიდან, 16,4% ანუ 128 707 ვიზიტი სწორედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდიოდა. მონაცემების მიხედვით, მოქალაქეები ევროპაში ნათესავების მონახულების, დასვენების, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და მკურნალობის მიზნით მიდიან.