საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლებისა და სანქციების დამატებას გეგმავს, შესაბამისი ინიციატივები 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის მომზადებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ასახული.

გეგმის მიხედვით, ცვლილება შეეხება პლასტმასის საგნების ექსპორტისთვის მომზადების პროცესსაც. პირი, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს, ერთი თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მთავრობის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში ამ ვალდებულების დარღვევისთვის სანქცია გათვალისწინებული არ არის და მისი დაწესება დაგეგმილია.

კანონპროექტით ასევე განიხილება პასუხისმგებლობის დაწესება მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მათ შორის, მსხვრევისა და დახარისხების  შედეგად ჰაერის დაბინძურებისთვის.

სანქციები შეეხება საზღვაო საწვავის, მძიმე საწვავისა და გაზოილის იმპორტს, წარმოებასა და საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებასაც, თუ მათში გოგირდის შემცველობა კანონით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს აღემატება.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმებს მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, მისი შენახვისთვის სავალდებულო სამუშაოების შეუსრულებლობისა და გადაადგილების წესების დარღვევისთვის.

მთავრობისავე გეგმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, მათ შორის, შესაძლოა გამკაცრდეს სანქციები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ავტომობილის მფლობელი ხილული გამონაბოლქვის არსებობისას სატრანსპორტო საშუალების შემოწმებაზე უარს ამბობს ან შემოწმებისგან თავს არიდებს.