100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.
"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება - 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
"კომერსანტი" ამ სტატიაში მხოლოდ ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობაში არსებულ "დანაკლისს" გაგაცნობთ.
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის" მტკიცებით, საფინანსო ორგანიზაციების მიერ ენერგეტიკის სფეროში ფინანსური სახსრების, შემოდინების შეჩერება, პირველ რიგში, უარყოფითად აისახება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. აქ ძირითადად მოიაზრება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტები, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ, აქტიური განხორციელების ფაზაშია და ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეს პროექტები შეჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:
- 900 მლნ ლარის, ჯამური ღირებულების, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - (KFW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული - ელექტროენერგეტიკული ქსელის განახლების პროექტი, რომელიც მოიცავს ელექტროგადამცემ ხაზებს - „ზეკარი” – ზესტაფონიდან - ახალციხემდე, “მესხეთი” – ახალციხიდან - თურქეთის საზღვრამდე, „ვარძია” – გარდაბნიდან - ახალციხემდე. ქვესადგურებს - „ზესტაფონი“, „ახალციხე“ და „გარდაბანი“.
- ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული ქსელის განახლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ, 300 მლნ ლარით, დაფინანსებული - ენერგეტიკის სექტორის ღია პროექტი - რომელიც ითვალისწინებს კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ქსელის და ქვესადგურების სრულ რეაბილიტაციას, ასევე ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებთან ექსპორტ - იმპორტის ენერგომომარების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემა შეექმნება აღნიშნული პროექტის დასრულებას.
- ქვეყნის ერთიანი ენერგოსისტემის სინქრონულად განვითარებისათვის, პრიორიტეტულია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 250 მლნ ლარით დაფინანსებული - ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი - იმერეთისა და რაჭა - ლეჩხუმის რეგიონებში, რომელიც ითვალისწინებს - „ლაჯანური - წყალტუბო“, „ნამახვანი -წყალტუბო“, „ნამახვანი - ტვიში - ლაჯანური“ , „ახალი ლაჯანური - ლაჯანური ჰესი“ ელექტრომაგისტრალების მშენებლობას, რის შედეგად, შესაძლებელი იქნება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, პარალელურად ამ პროექტით გაუმჯობესდება არსებული ჰესების ინტეგრირება საქართველოს გადამცემ ქსელში.
- შეჩერების საფრთხე შეექმნება, მოსაზღვრე თურქეთთან მიმდინარე, ელექტროგადამცემი ხაზების წყალტუბო - ახალციხე და ახალციხე - თორთუმის მშენებლობის პროექტს, რომელიც გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 200 მლნ ლარის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია, 500 კვ-იანი „წყალტუბო - ახალციხის“ და საქართველო - თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, 400 კვ-იანი „ახალციხე-თორთუმის“ ელექროხაზების მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხოციელებით, გაძლიერდება ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ინტერკონექცია, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა.
- შეჩერების საფრთხე შეექმნება, ევროკავშირის (EU) და გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 35 მლნ ლარით დაფინანსებულ, გურიის და აჭარის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტს - რომლის მიზანს წარმოადგენს გურიისა და აჭარის რეგიონებში გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების და მცირე ჰიდროელექტროსადგურებთან ქსელის მიერთების საიმედოობის გაზრდა. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა მშენებლობის დაბალი ტემპით.
- დონორების მხრიდან, სავარაუდო შეფერხების წინაშე აღმოჩნდება, მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ 200 მლნ ლარით დაფინანსებული, მიმდინარე - ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი - რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსურ გაჯანსაღებას და მოსამზადებელ სამუშაოებს კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად.
- სავარაუდო შეჩერების საფრთხის ქვეშ, შესაძლოა აღმოჩნდეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკომიისის გრანტით - 140 მლნ ლარის დაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად ძირითად სამუშაოს სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია წარმოადგენს. „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის განხორციელება 2024 - 2027 წწ პერიოდს მოიცავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოესი 15 - 20 წელი „ენგურჰესს“ კაპიტალური რემონტი აღარ დასჭირდება.
- ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი, ამავე დროს, ხელიდან გაშვებული ფინანსური დანაკარგი იქნება, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპას შორის ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელით დაკავშირების სტრატეგიული - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დაბლოკვა - რომელიც, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ სამ ეტაპიან, 1.5 მილიარდი ლარის დაფინანსების პაკეტს ითვალისწინებს, რაზეც მოსამზადებელი სამუშაოებისათვის, მსოფლიო ბანკისგან - 100 მლნ ლარის თანხმობა უკვე არსებობს. პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 10 წელია.
- ანტიდასავლური პოლიტიკის მკაფიოდ დაფიქსირების პირობებში, კიდევ უფრო ბუნდოვანია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ 750 მლნ ლარით დაფინასებული მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა - რომელიც ითვალისწინებს 300 მილიონ კუბურ მეტრი გაზსაცავის მშენებლობას, რაც მილიარდნახევარი კილოვატ სთ ელექტროენერგიის ტოლფასია, კრიტიკულ (ზამთრის) პერიოდში გაზის თბოსადგურებში მიწოდებით გამოირიცხებოდა უცხოეთიდან, პირველ რიგში, რუსეთიდან, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საჭიროება. გაზსაცავის ექსპლოატაციაში გაშვება -2026 წლისთვის იგეგმება.
- შეჩერების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული - მსოფლიო ბანკის (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ 200 მლნ ლარით დაფინანსებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი Log-In Georgia ს განხორციელება – სამთავრობო პროგრამით 2025 წლისათვის გათვალისწინებულია პროექტის დასრულება, პროექტი მოიცავს - 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, 1000 დასახლებული პუნქტის დაფარვას. 2024 წელს გათვალისწინებულია დონორების მიერ - 50 მლნ ლარის გამოყოფა. სადღეისოდ პროექტი მხოლოდ 25% იაა შესრულებული.
- ამერიკული საინვესტიციო ფონდის - „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი” ის მიერ 250 მლნ ლარის „ბახვის ჰესის“ გურია - პროექტი, გამორჩეული იმით, რომ ამერიკულ კერძო საინვესტიციო ფონდთან ერთობლივად ხორცილედება, ჰესის დადგმული სიმძლავრე 46 მეგავატია, დასრულების ვადა 2025 წელი. Cerberus Capital Management-ი კერძო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს. შესაძლოა, გაურკვეველი ვადით პროექტის განხორციელება შეაფერხოს.
- ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია მცირე ზომის ენერგოობიექტების განვითარებას, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროექტი - შესაძლოა დაიბლოკოს და შეჩერდეს მისი განხორციელება. თავისმხრივ, პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მასშტაბით, მცირე ზომის ელექტროსადგურების თანადაფინანსებას, USAID-ი უზრუნველყოფს არაუმეტეს 100 000 დოლარის (50%) თანამონაწილეობას. პირველი განხორციელებული პროექტი - „აგრო იმპექსი“ - მზის მოტივტივე ელექტროსადგური 2024 წელს განხორციელდა.
- ენგურის აუზის მარაგების მონიტორინგის თვალსაზრისით, აუნაზრაურებადი დანაკლისი იქნება ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტის შეჩერაბა - რომელიც ფინანსდება ავსტრიის მთავრობის ფონდიდან (Drive Fund) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) - პროექტის ფარგლებში შემუშავდება ჰიდროლოგიური მოდელი, რომელსაც დიდი მნიშვნელობაა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისათვის, ასევე, ენგურის აუზში წლის სხვადასხვა პერიოდში გენერაციის პროგნოზისათვის და ჰიდროსადგურების გამომუშავების დაგეგმვისათვის. ენგურჰესისა და მომავალში მდინარე ენგურის აუზის სხვა საპროექტო წყალსაცავებში ხელმისაწვდომი მარაგების მონიტორინგისათვის.
- ასევე შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების და განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით მიმდინარე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ 30 მლნ ლარით დაფინანსებულ ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროგრამის (GESRP) - განხორციელებას.
შემდეგი სტატია ამ თემაზე, სადაც ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ზუსტად ერთ საათში, 14 საათზე.
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
- ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა,
- რეგიონალური განვითარება,
- საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები,
- მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა,
- ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,
- სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,
- გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
- საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
- ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.