“შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ წელს ნამდვილად გვქონდა მატება" - ეს PEGAS Touristik Georgia-ს დირექტორმა სალომე ბერაიამ BMG-ის განუცხადა.
“მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული არასტაბილური მდგომარეობა იყო ქვეყანაში, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა ჩვენი მომხმარებელი მიეჩვია ამ არამდგრად მდგომარეობას და უფრო მეტად და გაბედულად დაიწყეს მოგზაურობა. ზრდა არ არის მასშტაბური, თუმცა მაინც კარგი მაჩვენებელია.
რაც შეეხება იმას თუ სად მოგზაურობენ ქართველი დამსვენებლები, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ნომერ პირველი მიმართულება ეგვიპტეა, კონკრეტულად შარმ-ელ-შეიხის მიმართულება, სადაც გვაქვს ყოველკვირეული ჩარტერული რეისები და უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში ვასრულებთ. ასევე გვაქვს ხურგადას მიმართულება, სადაც არ ყოფილა შეკრული ტურ-პაკეტები პანდემიის შემდეგ და წელს შევეცადეთ, რომ ისევ აგვეთვისებინა ეს რეგიონი.
გარდა ამისა, აქტუალობას და პოპულარობას არ კარგავს საამიროები, სადაც ძალიან ბევრი რეისია საქართველოდან. გარდა ეგვიპტისა და საამიროებისა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტაილანდიც ”,-აცხადებს სალომე ბერაია.
სამომხმარებლო ფასების საერთო დონე სამოგზაურო პაკეტებსაც აძვირებს. ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ წელსაც მოგზაურობა გაძვირდა და მასზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ბილეთების ღირებულება, არამედ სასტუმროებში განთავსების ფასი და ზოგადად გლობალურად არსებული ინფლაციური პროცესები.
“სამწუხაროდ, ყოველ წელს გვაქვს ფასების ზრდა. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20-26%-ით გვქონდა ფასნამატი, რაც პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რაშიც იმყოფება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც. ეს ყოველთვის პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს საფასო პოლიტიკაზეც”,-აცხადებს ბერაია.
გამყვან ტურიზმში ზრდას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკაც. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ გასვლის მაჩვენებელი, ისე რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტებიც.
მათ შორის ინფლაციის გავლენით გაზრდილია ქართველი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯები, რამაც მესამე კვარტალში 700 მილიონ ლარს მიაღწია, ეს კი 3,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.