100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.
"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება - 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
"კომერსანტი" ამ სტატიაში გაგაცნობთ დასავლური დაფინანსების შეჩერების რისკებს მხოლოდ ურბანულ მობილურ ინფრასტრუქტურაში.
"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:
- თბილისის საქალაქო მობილურობის გაზრდის თვალსაზრით, მნიშვნელოვანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 740 მლნ ლარით დაფინანსებული თბილისის ავტობუსების და მეტროპოლიტენის პარკის განახლების პროექტის შეუფერხებლივ განხორციელება, პროექტი დასრულება 2026 წლისთვისაა ნავარაუდევი, გათვალისწინებულია 226 ავტობუსის შესყიდვა და 2 ავტობაზის მშენებლობა, რაზეც - 536 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე მეტროს 40 ვაგონის შეძენა და დეპოსთან დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია, რასაც 204 მლნ ლარი მოხმარდება. ბუნებრივია, თბილისის მოსახლეობის მობილობისათვის, ასეთი ფინანსურად ტევადი პროექტის შეჩერა, უარყოფიდათ იმოქმედებს.
- თბილისის მერმა, 2024 წელს დაანონსა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 600 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტების მეტროს ვაგონის განახლების (ეტაპობრივი ჩანაცვლების) პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისათვის, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 შემადგენლობის (13 ერთეული 4 - ვაგონიანი და 9 ერთეული 5 -ვაგონიანი) ეტაპობრივად მოწოდებას. 5 ვაგონიანი შემადგენლობა „გამჭოლი“ ვაგონებით იქნება აღჭურვილი და გაზრდილი მგზავრთნაკადის „ახმეტელი - ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს. რადგანაც, პროექტის განხორციელება საწყის ეტაპზეა, ამიტომ დიდია ალბათობა, მეტროპოლიტენის შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტი დონორების დაფინანსებით, საწყისის ეტაპზე დაპაუზდეს.
- 2019 წელს, თბილისის მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჩართულობით დაანონსა, 500 მლნ ლარის ღირებულების ურბანული რკინიგზის პროექტი - რომელიც ითვალისწინებდა სამგორი - ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული ღერძის განვითარებას და 7 სადგურის მშენებლობას. რისთვისაც, მთავრობამ სათანადო განკარგულებაც გამოსცა, 300 000 ლარი დაიხარჯა წინასწარ კვლევაზე. ფაქტიურად, თბილისის აგლომერაციის ფარგლებში დონორების ფინანსური სახსრებით მნიშვნელოვანი პროექტი „საფუძველშივე“ დაპაუზდა.
- გარდაუვალი შეჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 280 მლნ ლარით დაფინანსებული, ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხის პროექტის განხორციელება - აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტს გარდა, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს და ადამიანური კაპიტალის განვითარებისა, გააჩნია ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა და 60 სკოლის რეაბილიტაცია, მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს - 116 000 მოსწავლეს.
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), 200 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით გათვალისწინებულია თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - რომელიც ითვალისწინებს 2023 - 2029 წწ. თბილისის 12 მეტროსადგურის რეკონსტრუქციას. მოდერნიზაცია გაუკეთდება 36 ესკალატორის ელექტროძრავს. პროექტის სავარაუდო დაპაუზება, მნიშვნელოვნად იმოქმედებს, თბილისის ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის გაურკვეველი ვადით გადავადებაზე.
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული 100 მლნ ლარის 100 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციის პროექტი - თბილისის გარდა მთელ საქართველოს მოიცავს და ჯამში 100 მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ამასთან, 16 000 მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის, პროექტი ეტაპობრივად, 2021 – 2022 წწ უნდა დასრულებული, მაგრამ სრულად დასრულება გადავადდა, შესაბამისას დონორების მხრიდან ფინანსური სახსრების მოწოდების შესაძლო შეფერხება, უარყოფითად აისახება, ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე.
- გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით 80 მლნ ლარი (2024 წელს გამოყოფილია - 10 მლნ ლარი) 2023 წლიდან თბილისში მდგრადი ურბანული მობილობის პროექტის განხორციელებაა დაანონსებული - პროექტის მიზანია ურბანული სატრანსპორტო სისტემის და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება. ინფრასტრუქტურული კომპონენტის - „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვით შემცირდება როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის გადაადგილების დრო. რაოდენ აუცილებელია, სატრანსპორტო საშუალებებით გადატვირთული თბილისის ქუჩებისათვის აღნიშნული პროექტის განხორციელება.
- დონორების მხრიდან, სავარაუდო შეფერხების წინაშე აღმოჩნდება, საქართველოში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) 70 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით, „მწვანე წყალბადის“ წარმოება / მოხმარების საპილოტე პროექტის განხორციელება - რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მწარმოებელი სადგურის, ელექტროლიზის დანადგარისა და წყალბადზე მომუშავე 20 ავტობუსის შეძენას. წარმოებული წყალბადის მომხმარებელი ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება. ყოველივე უარყოფითად იმოქმედებს, ბათუმში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.
- გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 60 მლნ ლარით დაფინანსებული პროფესიული განათლების პროგრამა - I - პროექტის განხორციელებას. რომლის ფარგლებში, ფინანსური სახსრები მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.
"კომერსანტის" შემდეგი სტატია, სადაც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის გამიზნული დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ხვალ, 8 სექტემბერს, დილის 11 საათზე. ასე რომ, იკითხეთ "კომერსანტი".
ცნობისთვის, "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.
მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.
ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,
სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,
გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.