თამბაქოს კონტროლის კარგი მმართველობის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კიდევ უფრო გააძლიეროს თამბაქოს კონტროლი და აღკვეთოს ინდუსტრიის ჩარევა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ  განაცხადა, „თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსის“ 2025 წლის მონაცემების თანახმად, საქართველომ ასიდან 87 ქულა დააგროვა, რითაც კვლავ ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა მზარდია.

"ეს ინდექსი აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ასრულებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც მოითხოვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის ურთიერთობების გამჭვირვალობას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ამ ვალდებულების შესასრულებლად დადგენილების მიღება 2018 წლის 1 ივნისამდე ევალებოდა,  ეს დოკუმენტი კვლავ არ არის დამტკიცებული”, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გარკვეული რეგულაციები მიღებულია, თუმცა აღსრულება არ არის სათანადოდ მკაცრი. ამის მაგალითად, თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორი გიორგი მაღრაძე მისი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახელებს და ამბობს, რომ ბაზარზე ისევ ხვდება თამბაქო ფერადი შეფუთვით, მაშინ, როდესაც 2025 წლის 1-ელი აპრილიდან, ქვეყანაში ძალაში შევიდა თამბაქოს სტანდარტიზებული, ანუ სადა შეფუთვის რეგულაცია. მაღრაძის ინფორმაციითვე, არის შემთხვევები, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიებს რიგ მარკეტებში ფერადშეფუთვიანი თამბაქო თავადვე შეაქვთ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ იმასაც, რომ საქართველოში თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვის მიუხედავად, თამბაქოს ინდუსტრია რიგ შემთხვევებში, კიდევ აფინანსებს ღონისძიებებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საფარქვეშ. ამ და კიდევ სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, თამბაქოს კონტროლის ალიანსში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა.

რაც შეეხება უშუალოდ სამოქმედო გეგმავს, რომლის მიხედვითაც თამბაქოს კონტროლი ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, „თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსის“ ავტორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, განახორციელოს შემდეგი ზომები:

  • მიიღოს 2018 წელს წარდგენილი დადგენილება, რომელიც საჯარო მოხელეებსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის, ურთიერთობების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.
  • ​შეიქმნას ეთიკის კოდექსი და აიკრძალოს თამბაქოს ინდუსტრიიდან საჩუქრებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერის მიღება.
  • მთავრობამ მოსთხოვოს თამბაქოს ინდუსტრიას, გაამჟღავნოს მონაცემები მარკეტინგული ხარჯებისა და ლობირების აქტივობების შესახებ.
  • ​აიკრძალოს პოლიტიკური შენატანები თამბაქოს ინდუსტრიიდან პოლიტიკურ პარტიებში, კამპანიებსა და კანდიდატებში.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსში მიაჩნიათ, რომ ინდექსის მიერ დაფიქსირებული მაღალი ქულა ამ ზომების მიღების აუცილებლობას ქმნის.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, იგივე ჯანმომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციია 20 წლის წინ მიიღო და ამ ორი ათწლეულის მანძილზე, მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება. საქართველო კი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარე 2006 წელს გახდა. 2017 წელს ქვეყანამ მიიღო თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც დიდწილად შეესაბამება კონვენციას. კანონმდებლობის ძირითადი დებულებები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან შევიდა და ამ კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი