საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაძაბვამ IT სექტორს ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი შეუმცირა. როგორც ბლოკჩეინის სისტემების საერთაშორისო ექსპერტი, დავით კიზირია "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველო რელოკანტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცია, თუმცა ბოლო დროა, ეს ტენდენცია კლებადია.
,,ძირითადად, ჩვენთან რელოკანტები გამოჩნდნენ ბელარუსის 2020 წლის მოვლენების, ასევე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუმცა, უკვე არის კლების ტენდენცია, რომელიც ვფიქრობ, არ გაჩერდება. გარკვეულწილად, საქართველო განიხილებოდა როგორც შუალედური წერტილი, საიდანაც ცდილობდნენ, უფრო კომფორტულ იურისდიქციებში გადასულიყვნენ. მეორე მხრივ, საქართველო საინტერესო იყო როგორც ტერიტორია, იურისდიქცია, რომელიც უახლოვდებოდა ევროკავშირს, თუმცა, ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობებია, არის სანქციებიც, ეს ინტერესი უფრო და უფრო იკლებს. რიცხვებიც აჩვენებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც 25 ათას დოლარზე მეტი ხელფასის მქონე სპეციალისტებზე დროებითი ნებართვის გაცემას გულისხმობს, არ არის ფაქტორი, რომელმაც არა თუ ახალი მოიზიდოს, არსებული ნაკადების შენარჩუნება მოახერხოს",- ამბობს კიზირია.
ბლოკჩეინის სისტემების საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით, ამჟამად IT სექტორისთვის სომხეთი უფრო მიმზიდველია, ვიდრე - საქართველო.
,,ესტონეთი და პორტუგალია რომ ავიღოთ, ამ ქვეყნებში ბევრად უფრო ძლიერი ეკოსისტემაა, რომელიც სფეროს, ე.წ. აიტიშნიკს სჭირდება. მაგალითად, იქ უფრო განვითარებულია სტარტაპ ეკოსისტემა, საფინანსო ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, მსურველმა ბიზნესი წამოიწყოს, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის სხვა მეორადი კომფორტის გარემოც, რომელიც ჩვენთან ასევე არ არსებობს, მაგალითად, ცივილიზებულ სამყაროსთან გადაადგილება ბევრად მარტივი და იაფია. ამ სამყაროს რომ კონკურენცია გავუწიოთ, უფრო ძლიერი და მამოტივირებელი საშუალებები უნდა შევქმნათ. სომხეთიც კი უფრო მიმზიდველად გამოიყურება დღეს, ვიდრე საქართველო. საქართველოდან გასვლის დინამიკა არ მგონია სომხეთის მიმზიდველობა არამიმზიდველობაზე იყოს დამოკიდებული. უფრო მგონია, რომ პრობლემა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაა",- თქვა კიზირიამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.