100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.
"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება - 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
"კომერსანტი" ამ სტატიაში მხოლოდ მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაში დასავლური დაფინანსების "დანაკლისს" გაგაცნობთ.
"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:
1. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული, საერთო ბიუჯეტი - 1.32 მილიარდი ლარი (178 მლნ ლარი - 2026 წლამდე დაიხარჯება) - ურბანული წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტი - მოიცავს წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას: ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, მარნეულში, ჭიათურაში, მესტიაში, აბაშაში, ურეკში, ჯვარში, გუდაურში, ანაკლიაში - პროექტის შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი, შემცირდება მავნე ზემოქმედება გარემოზე. მიუხედავად იმისა, 10 წლის განმავლობაში, რეგიონებში პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია, არსებობს ალბათობა, რომ დარჩენილი ფინანსური სახსრების მიმართვა დონორების მხრიდან დაპაუზებული და დროში გაჭიანურებული იქნება.
2. პროექტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები პრაქტიკულად აუთვისებელია, რაც სავარაუდოდ დაპაუზების მაღალი ალბათობის წინაპირობას ქმნის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული, იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი - საერთო ბიუჯეტი - 530 მლნ ლარი (520 მლნ ლარი - 2026 წლისთვის დაიხარჯება), რომელიც მოიცავს იმერეთის (სამტრედია, ბაღდათი, ვანი) რეგიონსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაცია) სისტემების რეაბილიტაციას და წყალარინების გამწმენდი 4 ნაგებობის მშენებლობას. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი, შემცირდება მავნე ზემოქმედება გარემოზე.
3. ქუთაისში 150 ათასი მოსახლიდან 35 % კანალიზაცია არ გააჩნია. პროექტი მოიცავს - ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19 სატუმბი სადგურის მოწყობას. გარდა ამისა გათვალისწინებულია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) მიერ ერთობლივად დაფინანსებული, საერთო ბიუჯეტი - 320 მლნ ლარი (290 მლნ ლარი - 2025 – 2027 წწ დაიხარჯება), ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) პროექტის დაპაუზებას, მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება ექნება ქუთაისის მოსახლეობაზე.
4. მხოლოდ 2024 წელს დაიწყო, და სავარაუდოდ დაპაუზების მაღალი ალბათობა გააჩნია, ევროკავშირის (EU) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 300 მლნ ლარით დაფინანსებულ, აჭარის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტს - რომელიც ითვალისწინებს, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებას აჭარის 39 სოფელში და დაბებში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახის მომარაგება.
5. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ 225 მლნ ლარით დაფინანსებული ხაშურის წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, 2023 წელს დაიწყო და დაპაუზების დიდი ალბათობით ხასიათდება, თავის მხრივ, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა, 160 კმ წყალმომარაგების მილი და 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობას. სამუშაო. დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
6. 2024 წლის მდგომარებით, გაჭიანურებულ და დაუსრულებელ პროექტებს შორის ითვლება, ჯერ კიდევ 2019 წელს დაწყებული, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) მიერ 55 მლნ ლარით დაფინანსებული აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამასთან მიწის საექსკავაციო სამუშოები 40 000 კვ.მ. ფართობს მოიცავს.
7. ჯერ კიდევ 2016 წელს დაწყებული, დღემდე დაუსრულებელია, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ, ერთობლივად დაფინანსებული 70 მლნ ლარის ღირებულების ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი - რომელიც ითვალისწინებს, სათბური აირების შეკრება / დამუშავების და ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით, 6 სადგურის აღჭურვას. ბუნებრივია, პროექტის შეჩერება, რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს ქუთაისის მოსახლეობას.
8. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 90 მლნ ლარით დაფინანსებული - მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (კახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი) – 2017 წელს დაიწყო და დასრულების ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროექტის მიზანია კახეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელი) მშენებლობა, ნარჩენების გადამტირთავი სადგურების მოწყობა, არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ცალსახაა, რომ ისედაც, გაჭიანურებული და დაუსრულებელი პროექტის პირობებში, დონორების დაფინანსების შეწყვეტა, მძიმეთ იმოქმედებს კახეთის და სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობაზე.
9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა (Feasibility Study), ჯერ კიდევ, 2016 წელს განხორციელდა, მაგრამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 55 მლნ ლარით დაფინანსებული თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - სადღეისოდ არ არის დასრულებული, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ავტოპარკის განახლებას, პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე სტადიაშია, რადგანაც, პროექტის განუყოფელი ელემენტები - ლიჩეტის სისტემის რეაბილიტაცია და რეცირკულაციის და გამორეცხვის სისტემების მოწყობა, ასევე ლიჩეტის შესანახი აუზისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა/განახლება ჩაშვებულიც არ არის. მხოლოდ 2023 წლისთვის იქნა წარდგენილი, „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“, ხოლო 2024 წლის ბოლოს მერიას ექნება პროექტი იმისთვის, რომ სამშენებლო სამუშაოები იქნეს დაწყებული, ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ 8 წლის განმავლობაში პროექტის გაჭიანურების პირობებში, მომავალში კი დონორის მხრიდან, სავარაუდო დაპაუზების შემთხვევაში, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თბილისის მოსახლეობა.
10. 2024 წლის 13 ივლისს ითქვა, რომ ჩაეშვა ტენდერი ლიჩეტის სისტემის განახლებისთვის. როგორც ვიცით, მოცემულ მომენტში თბილისის პოლიგონზე ნაგვის წყლის გასაფილტრი მოწყობილობა არ მუშაობს, რაც იწვევს ეკოსისტემის დაზიანებას. ის ასევე სერიოზულ წყაროს წარმოადგენს სუნის, რაც მოსახლეობამდეც აღწევს და აწუხებს. აღნიშნული პროექტის შესრულება ხელს შეუწყობს ჩვენი პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას. იმედი გვაქვს, მალე შემოვა პასუხისმგებელი კომპანია, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს. აღნიშნულ პროექტს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით.
11. 2015 წელს დაანონსდა და 2024 წელსაც არ დაწყებულა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული 30 მლნ ლარის ღირებულების ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი - რომელიც უნდა მოემსახუროს ქვემო ქართლის - თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ბოლნისის და დმანისის 5 მუნიციპალიტეტს და 200 000 მოსახლეს. ბუნებრივია, დონორების მხრიდან პროექტის სავარაუდო დაპაუზება, რთულ პირობებში ჩააგდებს ადგილობრივ მოსახლეობას.
შემდეგი სტატია ამ თემაზე, სადაც ქვეყნის ურბანული მობილური ინფრასტრუქტურის მოწყობა-სრულყოფისკენ მიმართული დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ზუსტად ერთ საათში, 17 საათზე.
ცნობისთვის, "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.
მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.
ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,
სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,
გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.