2025 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 8 572.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 863.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 4 709.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით მეტია 2024 წლის სავაჭრო ბალანსზე. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 690.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 749.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 1 371.3 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 16.0 პროცენტი).
„2025 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2 243.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 58.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 460.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 340.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი).
2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 54.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (958.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (899.2 მლნ. აშშ დოლარი) და ისრაელი (686.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 46.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (556.9 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (210.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (182.6 მლნ. აშშ დოლარი)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
საქსტატის განმარტებით, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა გულისხმობს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომლებიც არ უკავშირდება საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას და მას სხვანაირად „უხილავ“ ვაჭრობასაც უწოდებენ.