TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 3.1 მლრდ დოლარი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. იანვარ-სექტემბერში თბილისში ჯამში 34 434 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854 000 კვ.მ შეადგინა.

უშუალოდ სექტემბრის თვეში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 254-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი, ჯამში სექტემბერში თბილისში 387 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაყიდვების რაოდენობით სექტემბერში ლიდერობდა დიდი დიღომი (988 ბინა) და საბურთალო (705 ბინა), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ მთაწმინდასა ($2 336/კვ.მ) და ვაკეში ($2 143/კვ.მ) დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე წლიურად 3%-ით გაიზარდა და 1 373 შეადგინა. საშუალო გასაქირავებელი ფასი კი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $10.3-ს მიაღწია.