ევროკავშირში 1 ნოემბრიდან ამოქმედდა 2-ევროიანი მოსაკრებელი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შესულ ამანათებზე საბაჟო დამუშავების ხარჯების დასაფარად დაწესდა. გადაწყვეტილება დაბალფასიანი იმპორტის, განსაკუთრებით ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან: Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან, შემოსული გზავნილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

ახალი მოსაკრებელი ამანათის ღირებულების მიუხედავად მოქმედებს და ივლისში დაწესებულ 3-ევროიან საბაჟო გადასახადს ემატება. ეს უკანასკნელი 150 ევროზე ნაკლები ღირებულების გზავნილებს ეხება და დროებით, 2028 წლამდე იმოქმედებს, სანამ ევროკავშირში საბაჟო მონაცემების ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.

ევროკომისიის მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე ევროკავშირში მცირე ამანათების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, თუმცა ყოველდღიურად ბაზარზე დაახლოებით 5 მილიონი გზავნილი კვლავ შედის. 2024 წელს ასეთი გზავნილების 91% ჩინეთიდან იყო გამოგზავნილი.

ევროკავშირის განმარტებით, ახალი მოსაკრებელი საბაჟო სამსახურების მიერ ამანათების დამუშავებისა და კონტროლის ხარჯების დაფარვას ემსახურება. გადასახადს გადაიხდიან ონლაინპლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავები, ხოლო თანხას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეაგროვებს.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური განმარტებით, 2-ევროიანი მოსაკრებელი ვრცელდება ევროკავშირის გარეთიდან მომხმარებლებისთვის დისტანციური გაყიდვით გაგზავნილ მცირე გზავნილებში არსებულ თითოეულ საქონლის ერთეულზე და არა უბრალოდ თითო ამანათზე. ამასთან, 3-ევროიანი საბაჟო გადასახადი ცალკე მოქმედებს და საქონლის კატეგორიების მიხედვით ითვლება.