ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ხარჯების შემცირების შესაძლებლობებს განიხილავს, რათა საწვავზე მოსალოდნელი დამატებითი დანახარჯები დააკომპენსიროს. კომპანიის შეფასებით, 2027 წელს საწვავის ხარჯი შესაძლოა დაახლოებით 2 მლრდ ევროთი გაიზარდოს. პროგნოზი მიმდინარე საბაზრო ფასებს ეფუძნება და 2028 წლის მარტში დასრულებულ ფინანსურ წელს ეხება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ავიაკომპანია ხარჯების გადახედვას იწყებს. განსახილველ ზომებს შორისაა აეროპორტებთან პირობების ხელახალი შეთანხმება, პერსონალის ანაზღაურების დროებითი გაყინვა, ეკიპაჟის რაოდენობის შემცირება და ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ გამოყენება საოპერაციო და ადმინისტრაციულ პროცესებში.

Ryanair-ის შეფასებით, საწვავის გაძვირების გამო მომდევნო წელს ევროპაში მოკლე მანძილზე ფრენების ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ეს ავიაკომპანიის დამატებითი ხარჯების სრულად დასაფარად საკმარისი შესაძლოა არ აღმოჩნდეს. ო’ლირის თქმით, საწვავის ფასები 2027 წლის განმავლობაშიც მაღალ ნიშნულზე დარჩება, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი სწრაფად არ დასრულდება.

Ryanair-ის ინფორმაციით, 2027 წლის მარტამდე კომპანიის საწვავის საჭიროების 80% წინასწარ არის დაზღვეული, ბარელზე დაახლოებით 67 დოლარის ფასად. მომდევნო ფინანსური წლისთვის კი ამგვარი ჰეჯირება მხოლოდ საწვავის საჭიროების 25%-ს მოიცავს, ბარელზე დაახლოებით 95 დოლარის ფასად.