შემდეგი შვებულებისთვის სწორი ქალაქის შერჩევით, შესაძლოა, ავიაბილეთებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯების დაახლოებით ორი მესამედი დაზოგოთ.

ცხოვრების ხარჯების კრიზისის მიუხედავად, მოგზაურობა მრავალი ევროპელისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. უმეტესწილად, ხალხი არ ამცირებს დასვენების დღეების რაოდენობას, თუმცა, მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვის მიზნით, გაცილებით გონივრულად არჩევს იმ ადგილებს, სადაც მიემგზავრება.

თუ თქვენც იმავეს გაკეთებას აპირებთ, კარგი ამბავი გვაქვს: Skyscanner-მა 2027 წლისთვის საუკეთესო ფასის მქონე მიმართულებების სია გამოაქვეყნა.

მონაცემები ეფუძნება ფასების კლებას (პროცენტულ მაჩვენებელს) ეკონომკლასის ორმხრივ ავიაბილეთებზე, რომლებიც წლის პირველ ნახევარშია დაჯავშნილი 2026 წლის განმავლობაში განსახორციელებელი მოგზაურობისთვის; გასულ წელთან შედარებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ავიაბილეთების ღირებულების ორ მესამედამდე დაზოგვა. ასევე გათვალისწინებულია განთავსების (საცხოვრებლის) ფასები შერჩეულ თითოეულ მიმართულებაზე.

„რადგან ადამიანები უფრო გააზრებულად უდგებიან იმას, თუ როგორ ხარჯავენ დროსა და ფულს, ისინიც განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ: სად მიდიან, როგორ ჯავშნიან მომსახურებას და რა ქმნის მათთვის ხანგრძლივ ღირებულებას“, — განაცხადა Skyscanner-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ბატისტამ. ისინი მატერიალურ ნივთებზე მეტ მნიშვნელობას შინაარსიან გამოცდილებებს ანიჭებენ, ჯავშანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას თავდაჯერებულობას ეძებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაგეგმვის პროცესში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

საუკეთესო ფასის მქონე მიმართულებები 2027 წელს

ყველა ამ გამოთვლის შემდეგ, გამოიკვეთა ერთი აშკარა გამარჯვებული — ბილბაო ესპანეთში. 2025 წელთან შედარებით, როდესაც ავიაბილეთების ფასები 66%-ით, ხოლო სასტუმროში განთავსების ღირებულება 63%-ით არის შემცირებული, ბასკეთის მხარის დასათვალიერებლად უკეთესი დრო არასდროს ყოფილა. მსოფლიოში ცნობილი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი ქალაქში ვიზიტისას პირველი და აშკარა გაჩერებაა, თუმცა ქალაქი ასევე განთქმულია გასტრონომიული სიუხვით — რატომ არ უნდა ჩაუაროთ ადგილობრივ ბარებს და გზადაგზა სხვადასხვა სახის „პინჩოსი“ (pintxos) არ დააგემოვნოთ?

შემდეგი ადგილი პოლონეთის ქალაქ ვროცლავს ეკუთვნის: აქ ფრენების რაოდენობა 47%-ით შემცირდა, სასტუმროებში განთავსება კი ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებთან შედარებით უფრო იაფია.

1000 წელზე მეტი ხნის ისტორიით, ვროცლავს ბევრი სანახავი და გასაკეთებელი აქვს, დაწყებული საკათედრო ტაძრის კუნძულიდან, რომელიც ღამითაც გაზის ფარნებით არის განათებული, დამთავრებული იუნესკოს სიაში შეტანილი საუკუნოვანი დარბაზით, რომელიც რკინაბეტონის არქიტექტურის სიმბოლოა.

ღვინის მოყვარულთათვის ფანტასტიკური ამბავი ის არის, რომ მესამე ადგილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ერგო, სადაც  ფრენები ერთი მესამედით შემცირდა, ხოლო სასტუმროების ფასები 9%-ით.

შვეიცარიის ქალაქი ციურიხი, შესაძლოა, მაღალ ფასებთან ასოცირდებოდეს, თუმცა Skyscanner-ის ანალიზის თანახმად, აქ ფრენის ღირებულება მესამედით, ხოლო სასტუმროების ფასები 13%-ით არის შემცირებული.

ხუთეულს იტალიის ქალაქი ანკონა ასრულებს, სადაც ავიაბილეთების ფასები 31%-ით, ხოლო სასტუმროების ღირებულება 13%-ით არის შემცირებული.

10 მიმართულება, სადაც ავიაბილეთების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა

1. ბილბაო, ესპანეთი (-66%)
2. ვროცლავი, პოლონეთი (-47%)
3. ბორდო, საფრანგეთი (-34%)
4. ციურიხი, შვეიცარია (-33%)
5. ანკონა, იტალია (-31%)
6. როდოსი, საბერძნეთი (-22%)
7. პულა, ხორვატია (-20%)
8. კარკასონი, საფრანგეთი (-20%)
9. ფესი, მაროკო (-19%)
10. კრაბი, ტაილანდი (-15%)

წყარო: euronews