სამშენებლო პროექტების უმეტესობა დათქმულ დროში ვერ ბარდება. ახალაშენებული ბინების ვადის გადაცილებით დასრულებამ კვლავ იჩინა თავი. დეველოპერები ვადებში ისევ ვერ ეტევიან და კორპუსების უმეტესობაც დათქმულ დროს არ ბარდება. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მშენებლობის პროცესი უამრავ  დაფარულ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

სპეციალისტების დაკვირვებით, დეველოპერები კორპუსებს გვიან ასრულებენ და ზოგჯერ ექსპლუატაციაში შესვლის დრო წლობით იჭიმება.

მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ვერ ხდება ვადების ზუსტი განსაზღვრა -  ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, ასევე გზა და გზა უამრავი ბიუროკრატიული ფაქტორები იჩენს თავს. მყიდველები კი, როგორც წესი,  ხელშეკრულებას ხელს ისე აწერენ, არც კი ეცნობიან მასში ჩაწერილ ინფორმაციას.

დაახლოებით ასე იყო 2006-08 წლებში, როცა კომპანიები წინასწარ "ჰაერს ყიდიდნენ" და უამრავი კორპუსი დარჩა დასურულებელი. ახლაც იკვეთება მსგავსი სურათი. 2025-27 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 80% უკვე გაყიდულია. მშენებლები კი ვადებში ვერ ეტევიან და თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, შეიძლება რაღაც-რაღაც ობიექტები ვერც ააშენონ.

სამშენებლო სფეროს იურისტი უჩა ზაქაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მყიდველებმა სიფრთხილე გამოიჩინონ და ხელშეკრულებას მანამ არ მოაწერონ ხელი, სანამ ძირფესვიანად არ გაეცნობიან იქ მოცემულ პუნქტებს.

,,ხელშეკრულებაში ყველაფერი უნდა იყოს სრულყოფილად გაწერილი. მთავარია გაეცნონ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა და მშენებლობის დასრულების თარიღს. ასევე, დარღვევის შემთხვევაში გათავალისწინებულ სანქციებს. სამწუხაროდ, ხელშეკრულებას თითქმის არავინ კითხულობს, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხელს აწერენ და ბოლოს გამოდის, რომ მოტყუებულები არიან. შემდეგ დაზარალებულიები, გარდა საკუთარი  თავისა, ყველას აბრალებენ თავიანთ შეცდომას.

ეს ძალიან მძიმე პრობლემაა. წლებია ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც არავინ კითხულობს ხელშეკრულების ტექსტს და მერე პრობლემებში ეხვევიან. ამ დროს თითქოს მარტვია, რომ მყიდველმა ხელშეკრულება აუცილებლად  წაიკითხოს და გაარკვიოს ითვალისწინებს თუ არა ის ვადებს, რა სანქციები დაეკისრება კომპანიას თუ ხელშეკრულების პირობები დაირღვევა და ა.შ." - გამბობს  უჩა ზაქაშვილი.

მისივე თქმით, გარდა ხელშეკრულების დადების დროს გამოჩენილი გულგრილობისა, მშენებლობის პროცესი უამრავ  დაფარულ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

,, ბევრი ნიუანსებია გასათვალისწინებელი: კლიმატური მოვლენები, უამრავი ბიუროკრატია, საეტაპო ოქმები, რომელიც აფერხებს დროში სწრაფად ჩატარებას. სხვადასხვა რეგულაციები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში კარგ მიზნებს ემსახურება, ზოგჯერაც ზედმეტი ბიუროკრატიაა სხვა არაფერი. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს მშენებლობის შეფერხებას და ვადების არაპროგნოზირებას.

ასევე, თვალშისაცემია, რომ საქართველოში კვალიფიციური მუშახელის დიდი დეფიციტია. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ესეც ემატება. პრაქტიკულად, ადგილობრივი კადრების გადინება მოხდა და კომპანიებს უწევთ სხვადასხვა ქვეყნიდან მუშახელის ჩამოყვანა. მსხვილ დეველოპერებს ამის მეტი რესურსი აქვთ. წვრილი და საშუალო კომპანიები კი, ძირითადად, არაკვალიფიციურ მუშახელზე არიან შეჩერებული. მშენებლობის დროს 3 ან 4 ჯგუფის ცვლა აუცილებელია, რაც ნამდვილად იწვევს შეფერხებას.

რაც შეეხება მოთხოვნის ზრდის გამო პრობლემის შექმნას, ამ ეტაპზე, ასე არ ხდება. პირიქით, სამშენებლო ბაზარი, ამ კუთხით, მცირე რაოდენობით, მაგრამ  კლებას განიცდის", - განაცხადა ზაქაშვილმა საუბრისას და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ბინების დასრულების შეფერხებას, ძირითადად, მუშახელის შემცირება და ბიუროკრატიული რეგულაციები  განაპირობებს.

ბინების ექსპლუატაციის ვადების დარღვევებზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მშენებლობის დასრულების შემდეგაც აღმოჩნდება ისეთი პრობლემები, რაც ექსპლუატაციაში მიღებას აბრკოლებს.

ამ სიტუაციაში, როგორც სამშენებლო სფეროს სპეციალისტი ნუკრი მეზურნიშვილი აცხადებს, უნდა დაიწეროს დასკვნა, რამ განაპირობა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რაც შეეხება მიზეზებს, წლების განმავლობაში მთელი რიგი კომპანიები ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურას ძირითადად ორი მიზეზით არიდებენ თავს: კოეფიციენტთან (შენობის გაბარიტებთან) დაკავშირებით დაწესებული გადასახდების გადაუხდელობა და  სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა.

,,ყველა შემთხვევას აქვს მიზეზი, თუ რატომ ჭიანურდებნა მშენებლობის დასრულება. არის შემთხვევები, როცა მშენებლები ობიექტის დროულად ჩაბარებას თავს არიდებენ კოეფიციენტთან დაკავშირებით დაწესებული გადასახდების არგადახდისა და  სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გამო. ზოგჯერ კი სხვა ტექნიკური ხარვეზები იჩენს თავს. სულ მცირე, ექსპლუატაციაში მიღებისთვის მიმართვის ვადა მაინც უნდა განსაზღვრონ, რომ განცხადება ნამდვილად შეტანილია და დოკუმენტაცია მოწესრიგებულია.

ნებისმიერ ფაქტზე, როცა დროულად ვერ ბარდება სახლი,  უნდა დაიწეროს დასკვნა, ეს რამ განაპირობა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს კი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, ვინმეს მიმართონ ამ საკითხის მოსაგვარებლად ან ზიანის ასანაზღაურებლად. ამ დროს მომხმარებლები ზარალდებიან, სხვა თუ არაფერი, შეიძლება ადამიანი ქირით ცხოვრობდეს და დროის გახანგრძლივება მისთვის დამატებით ხარჯს ნიშნავდეს. თუ ვადა არ არის კონკრეტულად გაწერილი, ისიც გაურკვეველია,  თუ საიდან უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების გამოთვლა. ყველა ეს პრობლემა რომ ავიცილოთ,

ამიტომ ამ კომპეტენციების განსაზღვრისთვისაც აუცილებელია  გადამოწმდეს სამშენებლო კომპანიის რეპუტაცია, რამდენად სანდოა და რა გამოცდილება აქვს ასეთი პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა ნუკრი მეზურნიშვილმა.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტი, ოთარ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, ბინის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია და დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს, განსაკუთრებით კი, ხელშეკრულების გაფორმებამდე.

,,მშენებარე ბინის შეძენისას, მას მინიჭებული უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი და ხელშეკრულების გაფორმებამდე, სასურველია, განაახლონ ის. ვადის გადაცილების პრობლემა არა მხოლოდ მსხვილი და წარმატებული კომპანიების, ასევე შედარებით პატარა კომპანიების შემთხვევაშიც იჩენს თავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის - უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი ვადა, როდისაა შესაძლებელი ხელშეკრულების შეწყვეტა, ასევე, ვადაგადაცილების შემთხვევაში, რა სანქციაა გათვალისწინებული და სხვ.

შენობის ექსპლუატაციაში მიღება საკმაოდ მრავალსაფეხურიანი პროცესია და შესაბამისად, გონივრული ვადების დაცვა საჭირო და აუცილებელია. თუკი ირღვევა შენობის ექსპლუატაციაში მიღების განსაზღვრული და გონივრული ვადა, ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა. ამ მიმართულებით მომართვიანობა საკმაოდ მომატებულია. დღესდღეობით უფრო მეტად ცდილობენ მსგავსი საკითხები იურისტების, ადვოკატების მეშვეობით გადაწყვიტონ, რათა შეძლონ გააზრებული და ინფორმირებული ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა "კომერსანტთან" ოთარ კაჭკაჭიშვილმა.