თხევადი გაზი, რომელსაც სომხეთში ავტომობილთა ძირითადი ნაწილი იყენებს, ბოლო დღეებში 40%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც LPG-ის საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირებენ - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სომხეთის ბიურო წერს.
როგორც თხევადი გაზის იმპორტიორი სომხურ კომპანიებში აცხადებენ, პროდუქტით დატვირთული ასობით მანქანა საქართველო-სომხეთის საზღვარზე ქართულ მხარეს ჰყავს გაჩერებული უცნობი მიზეზებით.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შეფერხებაზე არ საუბრობს არც ქართული მხარე. "რადიო თავისუფლება" წერს, რომ საქართველომ გაზაფხულზე უკვე შეაფერხა სომხეთიდან კონიაკის მრავალმილიონ დოლარიანი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით, როდესაც ალკოჰოლური სასმელების ფიზიკური შემოწმება დაიწყო. შედეგად, სომხური კონიაკით დატვირთული არაერთი სატვირთო ავტომობილი საქართველოში შეყოვნდა.