სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 34 პროექტზე ხელშეკრულებებია გაფორმებული. პროექტების ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 9,17 მლნ ლარს შეადგენს.
დაფინანსებული პროექტები მოიცავს მსხვილფეხა პირუტყვის მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე მეურნეობების, სასათბურე მეურნეობებისა და აკვაკულტურის საწარმოების მოწყობას, სასაკლაოს მოწყობის, შემნახველი საწარმოების შექმნასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.
დამატებით 13 განაცხადის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 6,6 მილიონ ლარს შეადგენს.
2026 წლის 1 ივლისიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამის ფარგლებში 130 განაცხადია წარდგენილი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 77 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.
პროგრამაში ჩართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება და მოიცავს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვას, ასევე პროექტის განხორციელების ადგილზე საველე ვიზიტს. განხილვის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ვერ დააკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს, ხარვეზების გამოსწორებისა და მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ, ხელახლა წარადგინოს განაცხადი.
ბიზნესგეგმის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში. პროგრამის სხვა მიმართულებებით განაცხადის წარსადგენად საკმარისია მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება, აგრობიზნესის განვითარება და წარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი საინვესტიციო პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს