„როცა ნებისმიერი ტიპის გარიგებას ვაფორმებთ, სასურველი და აუცილებელია, ის იურისტს ვაჩვენოთ, რაზე ვაწერთ ხელს, რა შედეგები მოჰყვება ამას, რას გამოიწვევს, რა ღირებულების აქტივს გავცემთ, რის სანაცვლოდ და ა.შ.“ – ამის შესახებ იურისტმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის ასეთი მოცემულობა, ვისაც ფული ესაჭიროება, ბანკებში არსებული რეგულაციების გამო ვერ აკმაყოფილებენ ბანკისთვის საჭირო სტანდარტს, ვერ იღებენ სესხს და იძულებული არიან, მიმართონ სხვადასხვა გზას.
„ისინი იძულებული არიან, ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ სესხების სხვა, ალტერნატიული გზები. სოციალურ ქსელში რომ შევიდეთ, ჩვენ იქ გვხვდება უამრავი განცხადება, გავასესხებ თანხას და ა.შ.“- განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
როგორც იურისტმა აღნიშნა, ფულის გამსესხებლები ადამიანებს არწმუნებენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის იგივე, რაც სესხის ხელშეკრულება და იპოთეკა.
„არსებობს მოტყუების სხვადასხვა მეთოდოლოგია. ჩემი აზრით, ეს არის მოტყუება, ტყუილით დადებული გარიგება. ხდება შემდეგი: თუ, დავუშვათ, ქონების ღირებულება არის 50 000 აშშ დოლარი და ადამიანს ესაჭიროება 5 000 დოლარი, ეს ორი ადამიანი მიდის იუსტიციაში, აფორმებს აბსოლუტურად სხვა ხელშეკრულებას. მესაკუთრე თავის 50 000-იან ქონებას გამსესხებელს უფორმებს 5 000 დოლარის მიღების სანაცვლოდ და ე.წ. მევახშე იმთავითვე ხდება მესაკუთრე. ასე, ჩვენ საკუთრებას გადავცემთ თანხის გამსესხებელს, მაგრამ თუ მას დავუბრუნებთ თანხას, პლუს სარგებელს, რასაც ეს პირი განგვისაზღვრავს, მაშინ გვეძლევა შანსი, ქონება დავიბრუნოთ“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
როგორც იურისტმა აღნიშნა, უმეტეს შემთხვევაში, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანები განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებენ ვერც თანხის დაბრუნებას და ვერც სარგებლის გასტუმრებას.
„ამიტომ სტატისტიკა მაღალია, 90-95%, რომ ადამიანები განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებენ ფულის დაბრუნებას. თუ იმ სამ თვეში, რომელსაც გამსესხებელი განგვისაზღვრავს, მოვახდინეთ ფულის დაბრუნება, კი ბატონო, ქონებას დავიბრუნებთ, მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია. სტატისტიკა არის ასეთი – გამსესხებლები ადამიანებს ეუბნებიან, მერე რა, რომ ვადა გაუვიდა, შენ გააგრძელე ჩემთვის სარგებლის გადახდა, სესხის პროცენტი იხადე და მე არ გაგიყიდი ამ ქონებას, თუმცა თუ რომელიმე თვე არ გადავუხადეთ, ის უკვე არის შეუზღუდავი მესაკუთრე. საკმარისია მისი ერთი განცხადება იუსტიციაში, იქ იხსნება შეზღუდვა და მას შეუძლია, პირდაპირ გამოსახლებაზე შეიტანოს განცხადება“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი არაკეთილსინდისიერი ფარული გარიგების გარდა, ხდება კიდევ უფრო უარესი, ხშირ შემთხვევაში თანხის ამ გზით გამსესხებლებს უჩნდებათ ქონების იაფად დასაკუთრების განზრახვა და ფულის მსესხებელს ემალებიან, რომ ვადა გავიდეს.
„ანუ, თუ ადამიანს მზად აქვს თანხა და უნდა, გამსესხებელს გადაუხადოს, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამსესხებლები ემალებიან და არ აძლევენ საშუალებას, გადაუხადონ. არსებობს იურიდიული მექანიზმები, მაგალითად, ამ თანხის ნოტარიუსთან ჰიპონირება, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის ეს? ამიტომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ ხელოვნურად გაუყვანეს ვადა, რომ მერე ამ პირობით ისარგებლონ და სახლიდან გამოასახლონ“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
მისივე თქმით, მართალია, დღეს ისეთი სწრაფი გამოსახლების კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც ადამიანს ერთ თვეში გამოიყვანს ქონებიდან, მას სასამართლოში წასვლა და ინსტანციების გავლა სჭირდება გამოსახლებისთვის, მაგრამ დაზარალებული მხარე სასამართლოში ძალიან მწირი ინფორმაციით მიდის.
„ის სასამართლოში ვერ ამტკიცებს, რომ დადო სესხის ხელშეკრულება. მეორე მხარე ამბობს, არა ბატონო, მე ეს ქონება ვიყიდეო. ამიტომ, ასეთი ტიპის ხელშეკრულება არაფრით არ უნდა გავაფორმოთ, მაგრამ ვისაც უკვე გაფორმებული აქვს და აღარ შეუძლია, ის მოშალოს, მაშინ ნებისმიერი ურთიერთობის ამსახველი ინფორმაცია უნდა შეინახოს, ეს იქნება სატელეფონო საუბრები, ხმოვანი თუ სმს შეტყობინებები, წერილობითი ინფორმაციები, თუ ადამიანები, რომლებიც თან ახლავთ და ამ საუბარს ისმენენ, რადგან ყველა ეს მტკიცებულება საჭირო იქნება იმისთვის, რათა მერე დაამტკიცონ, რომ სინამდვილეში იყო სესხი და არ ყოფილა გაყიდვის განზრახვა“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის დარეგულირება, ოთარ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს.
„თუ გამოჩნდება, რომ, მაგალითად, ოთარ კაჭკაჭაშვილზე დარეგისტრირებულია ასი ასეთი ქონება, ხან იღებს ამ ქონებებს საკუთრებაში და ხან აბრუნებს, ნათელია, რომ ის ატყუებს ადამიანებს, ეს არის მისი საქმიანობა და თუ ამაში საგამოძიებო ორგანოები ჩაერთვებიან, ვფიქრობ, დაადგენენ, რომ ასეთი გარიგებები არის თაღლითური, მოტყუების გზით, რადგან მისი ყველა კლიენტი დაადასტურებს, რომ ისინი მასთან სესხისთვის მივიდნენ და არა მისთვის ქონების მისაყიდად-გადასაფორმებლად. დაადასტურებენ, რომ, მით უმეტეს, ქონების ჩუქებისთვის არ მისულან. ფაქტობრივად, ისეთ დაბალ თანხებად ხდება ქონებების გადაცემა, რომ ფაქტია, ეს არის დიდი ტყუილი და დიდ მსხვერპლს იწვევს“, – განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.