2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის სიახლეებით დატვირთულია. ქვეყანას წელს გაცილებით მეტი აზიელი ტურისტი სტუმრობს. მათ ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნები და გემოვნება აქვთ.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ,,კომერსანტთან“ იმ ხარვეზებზე და გამოწვევებზე საუბრობს, რის წინაშეც ქვეყანა მიმდინარე სეზონზე აღმოჩნდა. შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ აზიელი ტურისტების დიდი ნაწილი ალკოჰოლს არ მოიხმარს, რის გამოც მათი მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება დაბალია. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ღვინო ქართული იდენტობისა განუყოფელი ნაწილია და მისი მეშვეობით ტურისტი ქართულ ტრადიციებს, კულტურისა და სამზარეულოს ეცნობა. რის გამოც ღვინოს ტურიზმის სექტორის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აზიური ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადების ზრდამ ღვინის მიმართ ინტერესი შეამცირა. შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს ღვინის გაყიდვებს შეამცირებს, რაც მეღვინეებს შემოსავლებს შეუმცირებს და სფეროს განვითარებას შეაფერხებს, რადგან რეინვესტირებისთვის მეღვინეებს მზარდი შემოსავალი სჭირდებათ.
,,ხარვეზია ის, რომ ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების დიდი უმრავლესობა ალკოჰოლს არ მიირთმევს. ღვინო რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ამ შემთხვევაში მისით დაინტერესება ნაკლებია. შესაბამისად, ეს ტურისტების ამ სეგმენტში გარკვეულ წილად ხარვეზად შეიძლება აღინიშნოს. ის, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ კუთხით შეიძლება ითქვას გარკვეული უკუსვლა გვაქვს. ეს გაყიდვებზეც იმოქმედებს. პრომოუშენზეც იმოქმედებს. ტურიზმის სფეროში ღვინის კულტურა იწევს და ღვინის ხარისხი უფრო იზრდება და ფართოვდება. ეს მოთხოვნიდან გამომდინარეა. შესაბამისად, ის შემოსავლები, რომელიც მეღვინეებს გააჩნიათ რეინვესტირების საშუალებას იძლევა, მაგრამ თუ ეს არ მოხდება განვითარებაც ვერ მოხდება."- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ტურიზმის სექტორში არსებული მიმართულება უნდა შეინარჩუნოს და მხოლოდ აზიელი ტურისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ უნდა გადაერთოს. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სექტორი ამ სეგმენტზე მორგებული სერვისების მიწოდებას მომავალში განავითარებს, თუმცა ქვეყანამ მრავალფეროვნება უნდა შეინარჩუნოს. რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველომ ყველა ტურისტული ნაკადის მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს. შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ აზიელ ვიზიტორებზე სწორება და ორიენტირი ქართული იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს.
,,ხარვეზზე როცა ვსაუბრობ - ეს არ შეიძლება ითქვას დამხვედრი, მასპინძელის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი ავთენტიკურობა. ტურისტებს, რომლებსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ მოსწონთ ის რაც გვაქვს. შესაბამისია მათი და ჩვენი კულტურები. ეს ასეც უნდა დარჩეს. აუცილებლად განვითარდება სერვისები იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ინდოეთიდან, ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან. მათთვის რაღაც კუნძულები გამოჩნდება ქვეყანაში, რომელიც უშუალოდ ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ მთლიანად ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, გასტონომია, ღვინო გადავაკეთოთ მხოლოდ მათ მოთხოვნებზე. ამ შემთხვევაში მთლიანად დავკარგავთ იმას, რაც ჩვენი იდენტურია. ჩამოსული ტურისტისთვის მხოლოდ გეოგრაფიული თუ ღირსშესანიშნაობების მონახულება არ არის საკმარისი. ჩვენი გასტრონომია ტურიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მხარეა და ამისი შენარჩუნება აუცილებლობას წარმოადგენს.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საჭიროა როგორც დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან, ასევე აზიურ სახელმწიფოებთან პირდაპირი ფრენების გაზრდა. შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მრავალფეროვანი სერვისი, რომელიც ყველა სეგმენტზე იქნება გათვლილი ტურიზმის სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, მხოლოდ სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დაგვაყენებს.
,,უნდა გამრავლდეს პირდაპირი ფრენები განვითარებული, დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ასევე ინდოეთიდან, ჩინეთიდან თუ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ყველას. ამ კუთხითაც უნდა განვითარდეს პირდაპირი ფრენები. შესაბამისად, ეს მრავალფეროვნება იქნება ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობა. როდესაც მოთხოვნა იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ჩამოსული სტუმრის ნება-სურვილის მიხედვით და არა ჩვენს შეთავაზებაზე მაგ შემთხვევაში იდენტობის დაკარგვა მარტივია. ასეთი პრეცედენტები სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარა. ჩვენ უნდა შევძლოთ იდენტობის შენარჩუნება. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, შევძლებთ. ჩვენ არ დაგვიკარგავს იდენტობა როდესაც დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით სხვადასხვა ქვეყნის მიერ. საბჭოთა კავშირში ჩვენ არ დაგვიკარგავს იდენტობა და პირიქით, გარკვეულ წილად ფლაგმანი ვიყავით ამ კუთხით, როგორც საინტერესო ქვეყანა."- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.