17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით როდესაც ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.
„თავადაც ნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ეს წერილი, ყველა მიმართულებით დეზინფორმაციით არის გაჯერებული. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას, აბსოლუტურად აცდენილია სინამდვილეს ის შეფასებები, რომლებსაც ვკითხულობთ ამ წერილში. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკაშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება, ჩაიწეროს, თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.