„ზანგეზურის დერეფანზე ძალიანაც არ ვინერვიულებდი. მისი ამუშავებით აბრეშუმის გზა თავის დანიშნულებას და ფუნქციას არ დაკარგავს“, - ასეთი პოზიცია აქვს ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორს. თეიმურაზ ზაქრაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული დერეფანი აბრეშუმის გზას საფრთხეს ვერ შეუქმნის და ამ შინაარსის განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციებია.

,,ეს ყველაფერი დღეს არის გეოპოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ღირს ამაზე ძალიან პესიმისტურად განწყობა. უფრო მძლავრი და უფრო სერიოზული გეოპოლიტიკური წესრიგია აბრეშუმის გზა, ვიდრე ზანგეზურის დერეფანი......ზანგეზურის დერეფანზე ძალიანაც არ ვინერვიულებდი“,- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.

,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი განმარტავს, რომ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა თბილისიდან სოხუმის გავლით, ყირიმზე და კიევზე გადის. თეიმურაზ ზაქრაძე ამბობს, რომ ტვირთების გადასაზიდად ამ დერეფნის აღდგენა რუსეთს ხელს არ აძლევს, რადგან ეს მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს. მისივე განმარტებით, მოსკოვი სწორედ ამ ტერიტორიების მიტაცებით ცდილობს პრობლემები შეუქმნას აბრეშუმის გზის აღდგენას.

,,აზიიდან ევროპაში ყველაზე მოკლე გზა გადის სოხუმზე და ყირიმზე. სწორედ ეს ადგილები აქვს მიტაცებული მოსკოვს. რაც აფერხებს აბრეშუმის გზას. ყველაზე მოკლე გზა გადის თბილისი, სოხუმი, ყირიმი, კიევი. ეს ადგილები აქვს დაკავებული რუსეთს. ამიტომ ომობს უკრაინაში. ამიტომ უნდა რაღაც ნაწილები ჩამოაჭრას უკრაინას. ამიტომ უნდა უკრაინის მთლიანობის დარღვევა, საქართველოს მთლიანობის დარღვევა. ამიტომ წვალობს მოსკოვი, რომ აბრეშუმის გზის აღდგენა არ დაუშვას, მაგრამ გარდაუვალად მოხდება ეს. ეს მძიმე პროცესია. დიდი წინააღმდეგობა აქვს. აბრეშუმის გზა ნიშნავს რუსეთის ფედერაციის დაშლას მარტივ მამრავლებად. ახალ წესრიგში მოსკოვი გეოპოლიტიკური მოთამაშე ვეღარ იქნება.“- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.

,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რუსეთის ინტერესების დასაცავ პოლიტიკას ატარებს. მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკის პრეზიდენტს არ სურს მრავალ პოლუსიანი მსოფლიო დღის წესრიგის დამყარება.

,,გარკვეულ წილად მხარდაჭერა აქვს მოსკოვს. ტრამპის ასეთი ჭოჭმანი პოლიტიკა, რასაც მოსკოვის მიმართ აწარმოებს არის ყოვლად ამაზრზენი. თან ამერიკელების განწყობაც არის უკრაინელების სასარგებლოდ. იძულებულია ესეც გაითვალისწინოს, მაგრამ თან ძალიან არ უნდა, რომ მოსკოვის იმპერია დაეცეს. მისი შენარჩუნება, ნებისმიერი ფორმით შენარჩუნება არის მოსკოვის სასარგებლო პოლიტიკა, მაგრამ არ შველის ეს და ვერ შველის ტრამპი. რადგან ევროპა გაერთიანებულია და ერთიანი ძალისხმევით იცავს ევროპას და ახალ წესრიგს აშენებს. ეს არის ევროპის საქმე. ამერიკა ამაში ვერ ჩაერევა.’’- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.