აშშ-ში დაწესებული ტარიფები ფასების ზრდას გამოიწვევს და ინფლაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ასეთ პოზიციას აფიქსირებენ ცნობილი ინვესტორები და ამერიკელი ეკონომისტები. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს დონალდ ტრამპის ხისტს სატარიფო პოლიტიკას? საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომიკის ანალიტიკოსს დავით შატაკიშვილს ესაუბრა. მისი შეფასებით, ტარიფებს ამერიკაში პროდუქტების ფასებზე უარყოფითი გავლენა ექნებათ, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

,,ამერიკელი ძალიან ცნობილი ინვესტორების ძალიან დიდი ნაწილი (მათ შორის უორენ ბაფეტი) ასევე, ძალიან ცნობილი ეკონომისტები ამბობდნენ, რომ ტარიფები იწვევს ფასების ზრდას. სავარაუდოდ ამას სჭირდება დრო. 2 და 3 თვეში ძალიან რთულია ეფექტი დაინახო. ამერიკაში მყავს მეგობრები, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა. აბსოლუტურად ყველა იძახის, რომ შარშან არჩევნებამდე პერიოდს თუ შევადარებთ საგრძნობლად არის გაზრდილი ფასები. უბრალოდ ეს სტატისტიკაში რატომ არ არის ასახული არ ვიცი. ვინც იქ ცხოვრობს, ამბობს რომ ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე, სარესტორნო მომსახურებაზე, კვებაში ზოგადად აშკარად გაზრდილია.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ამერიკის ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ინფლაციის ზრდის ტენდენცია არ ჩანს. ეკონომიკური ანალიტიკოსი ამ ეტაპზე ფასების შენარჩუნებას ბიზნესის მიერ მომხმარებლისთვის გაკეთებული შეღავათით ხსნის. დავით შატაკიშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებული ტარიფები მომხმარებელზე ჯერ არ აისახა, რადგან ბიზნესმა მოგება დათმო და ხარჯის გარკვეული პროცენტის გადახდა თავის თავზე აიღო.

,,ივნისში გაიზარდა ბიუჯეტის პროფიციტი და არ გაზრდილა ფასები. ჩემი აზრით ამის ერთ-ერთი ამხსნელი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბიზნესმა სრულად არ დაბეგრა მოსახლეობა იმ ტარიფით, რაც იყო დაწესებული. პირობითად, თუ 100-დოლარიან ნივთზე დააწესეს 25%-იანი ტარიფი და ეს ნივთი მომხმარებლისთვის გახდა 125 დოლარი, შეიძლება ბიზნესმა 15 დოლარი აიღო თავის თავზე და თვითონ დაიკლო შემოსავალი. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს 10%-ით გაეზარდა ფასი, რაც ინფლაციის რაოდენობრივ გამოსახულებაში (რომელსაც ოფიციალური უწყებები აქვეყნებენ) ვერ გადაითარგმნა, რომ რაღაც გაძვირდა. ეს არის ერთი ახსნა, რაც შეიძლება ამას ჰქონდეს.’’- განმარტავს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრების შემთხვევაში საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორები საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ. ასეთ მოცემულობაში კი მხოლოდ აშშ-ი ვერ მიიღებს სარგებელს და მხოლოდ ის არ გაზრდის ბიუჯეტში შემოსავლებს. დავით შატაკიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპი 1 აგვისტოდან დამატებითი ტარიფების დაწესებას აანონსებს, რასაც ევროკავშირისგან და აზიური ქვეყნებისგან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტარიფების დაწესება გავლენას მოახდენს როგორც ინფლაციაზე, ასევე ექსპორტსა და წარმოებაზე.

,,ევროკავშირს და მსგავს დიდი გაერთიანებას, ასევე აზიის ძლიერ ქვეყნებს ჯერ მკაცრი საპასუხო ტარიფები ამერიკისთვის არ დაუწესებია. გასათვალისწინებელია რა საპასუხო ნაბიჯები იქნება ტრამპის განცხადებაზე, რომ 1 აგვისტოდან ისინი მეტ ტარიფს დააწესებენ. თუ ევროკავშირმა დააწესა საპასუხო ტარიფები, ასევე აზიის ქვეყნებმა (მათ შორის ჩინეთმა) კიდევ უფრო გაზარდეს ტარიფები, ეს ბუნებრივად აისახება ამერიკულ ექსპორტზე და წარმოებაზე, რაც თეორიულად და პოტენციურად ქმნის საფრთხეს, რომ შენელდება ამერიკის ეკონომიკა. უბრალოდ პრინციპებს ეწინააღმდეგება ის, რომ ტარიფები აწესო და ამას არანაირი გავლენა არ ჰქონდეს ექსპორტზე, წარმოებაზე - ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას იხდის მოსახლეობა, ამას იხდის ბიზნესი და ა.შ. თუ ტარიფებს ექნება უფრო მკაცრი ხასიათი ამერიკის მხრიდან და უფრო მკაცრი ხასიათი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია რომ გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ ამერიკამ იხეიროს და მხოლოდ ამერიკას ჰქონდეს ბიუჯეტის პროფიციტი და სხვა ქვეყნები ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდნენ. ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება ეს. გრძელვადიან პერიოდში ამას ეფექტი ექნება. სხვა ქვეყნებს საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ.’’- განმარტავს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკის ანალიტიკოსი განმარტავს, რომ აშშ-ის ბიუჯეტის პროფიციტი ინვესტორებისთვის დადებით სიგნალს ქმნის. მათთვის ეს ნიშანია, რომ შტატების ეკონომიკა იზრდება და ის გაუთვალისწინებელ შოკებს მომზადებული დახვდება.

,,ბიუჯეტის პროფიციტი ზოგადად ქვეყანას საშუალებას აძლევს ან ნაკლები ვალი აიღოს საბიუჯეტო ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, ან ვალი თუ აქვს აღებული, ის შეამციროს. ეს თავის მხრივ საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს. რასაც ეკონომიკისთვის დადებითი შედეგი აქვს. ბიუჯეტის პროფიციტი ზოგადად არის კარგი საშუალება, რომ თუ იქნება გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შოკები, როგორიც იყო პანდემია, ქვეყანა იყოს უფრო მომზადებული საკუთარი ეკონომიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. ზოგადად ეს არის პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, დამფრთხალი ან მოჭოჭმანე ინვესტორებისთვის, რომ ამერიკის ეკონომიკა მზარდია. ასევე რაიმე ეკონომიკური შოკის შემთხვევაში მთავრობას აქვს შესაძლებლობა და უნარი, რომ საკუთარი საბიუჯეტო ვალდებულებები დააკმაყოფილოს.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.