ალბანეთისა და საბერძნეთის საზღვარზე მკვლევრებმა მღვიმეში, სავარაუდოდ, მსოფლიოში ობობას ყველაზე დიდი ქსელი აღმოაჩინეს, რომელშიც 11 00-ზე მეტი ობობა ცხოვრობს, რის თაობაზეც წერს Live Science.
ჟურნალ Subterranean Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, ქსელი 106 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, მღვიმის ვიწრო შესასვლელის კედელზე. იგი წარმოადგენს ერთგვარ მოზაიკას, რომელიც შედგება ათასობით ცალკეული ძაბრის ფორმის ქსელისგან.
მკვლევართა განცხადებით, ეს არის პირველი მტკიცებულება ობობას ორი გავრცელებული სახეობის შემთხვევაში კოლონიური ქცევის თაობაზე არსებული ვარაუდების, - განაცხადა კვლევის წამყვანმა უნგრელმა მეცნიერმა იშტვან ურაკმა.

-
როგორ აღმოაჩინეს გიგანტური კოლონია
ობობების გიგანტური ქსელი მდებარეობს გამოქვაბულში, რომელიც წარმოქმნილია ქანების გოგირდმჟავით გამორეცხვის შედეგად, თავის მხრივ ის მიწისქვეშა წყლებში წყალბადის სულფიდის დაჟანგვის შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, კვლევის ავტორები არ იყვნენ პირველები, ვინც ნახა ეს ქსელი.
პირველად კოლონია 2022 წელს ჩეხმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს, თუმცა მისი შესწავლა 2024 წელს დაიწყო, როცა მღვიმე უკვე მეცნიერთა ჯგუფმა მოინახულა, რომლებმაც ქსელის ნიმუშები შეაგროვეს. მათ იშტვან ურაკი ხელმძღვანელობდა.

"ანალიზმა აჩვენა, რომ კოლონიაში ორი სახეობის ობობა ბინადრობს - Tegenaria domestica (ე.წ. ძაბრისებრი ობობა, ან სახლის ობობა) და Prinerigone vagans. ექსპედიციის დროს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მღვიმეში დაახლოებით 69 000 T. domestica და 42 000-ზე მეტი P. vagans ცხოვრობს,“ — ნათქვამია კვლევაში.
დნმ-ის ანალიზმაც დაადასტურა, რომ სწორედ ეს ორი სახეობა დომინირებს კოლონიაში.
-
უნიკალური აღმოჩენა
იშტვან ურაკის თქმით, ეს კოლონია ერთ-ერთი უდიდესია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, აქამდე უცნობი იყო, რომ ეს ორი სახეობა თანაცხოვრებას ასე მშვიდობიანად შეძლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ T. domestica და P. vagans ხშირად გვხვდება ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს, მღვიმეში აღმოჩენილი კოლონია უნიკალურია - ეს არის შემთხვევა, როცა ორი სახეობა ერთ დიდ ქსელში თანაარსებობს. ამასთანავე, მღვიმის ბინადრები გენეტიკურად განსხვავდებიან იმავე სახეობის ობობებისგან, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ, რაც მიუთითებს მათ ადაპტაციაზე მკაცრ გარემო პირობებთან.
-
რას ჭამენ მღვიმის ობობები
ჩვეულებრივ, მკვლევრები მოელოდნენ, რომ ძაბრისებრი ობობები სხვებს დაესხმებოდნენ თავს, მაგრამ მღვიმეში სინათლის არარსებობის გამო, მათი მხედველობა სუსტია, ამიტომ ისინი იკვებებიან ბუზებით.
მღვიმეში გოგირდით მდიდარი ნაკადული მიედინება, რომელსაც უერთდება ბუნებრივი წყაროები. სწორედ ეს ქმნის პირობებს მიკრობების, ბუზებისა და მათი მტაცებლების არსებობისთვის, თუმცა ეს ობებისთვის მაინც საკმაოდ მწირი რაციონია...
შესაბამისად, ასეთი "დიეტა“ მღვიმის ობობების მიკრობიომს გაცილებით ნაკლებად მრავალფეროვანს ხდის, ვიდრე იმავე სახეობის ობობებისას, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ.
"ხშირად გვგონია, რომ რომელიმე სახეობა სრულად ვიცით, მაგრამ მაინც ხდება მოულოდნელი აღმოჩენები. ზოგიერთ მათგანს საოცარი გენეტიკური მოქნილობა ახასიათებს, რაც მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში ვლინდება", - ამბობს იშტვან ურაკი.
ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი კვლევა, რომელიც მღვიმის ბინადართა შესახებ მეტ ინფორმაციას გამოავლენს.
წყარო: "ამბები ჯი"