8 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობებით, „საარჩევნო უბნები“ დილის 8 საათისთვის გაიხსნა. „აფსნიპრესი“ იტყობინება, რომ სოხუმისა და კიდევ შვიდი რაიონის „საკრებულოებისთვის“, ჯამში, 288 კანდიდატია წარდგენილი.

როგორც იუწყებიან, „არჩევნები“ არ ტარდება ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ „საარჩევნო ოლქში“ - გადატანილია 6 დეკემბრისთვის, მაგრამ მიზეზები არ დასახელებულა.

„თვითმმართველობის არჩევნები“ კიდევ ერთი მწვავე თემაა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირებას იწვევს. ე.წ. ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ბრალს სდებს - „ამომრჩევლების მოსყიდვასა“ და „უცხოელი სპეციალისტების ჩარევაში“. „არჩევნების“ წინ გახმაურდა რუსი პოლიტტექნოლოგების გაძევების ფაქტი. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ისინი „პროსახელისუფლებო კანდიდატებს“ ეხმარებოდნენ.

radiotavisupleba.ge