MICE ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველო დასავლური ქვეყნებისთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესო ადგილი ხდება კორპორაციული, მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად.

შესაბამისად, ბიზნესი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ორი კვარტალის მონაცემებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დატვირთულობა შემცირებულია. როგორც BMG-სთან BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორი განმარტავს, ამ დროისთვის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურობა შედარებით ნაკლებადმხარჯველუნარიანი ბაზრებიდან, მათ შორის აზიური ქვეყნებიდან ფიქსირდება.

„წელს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით არსებული ტენდენციები არ შეესაბამება მოლოდინებს. თუნდაც 2024 წლის დასაწყისში აპრილ-მაისი [საქმიანი ტურიზმისთვის] ბევრად უფრო აქტიური და ბევრად უფრო ნაციონალურად დივერსიფიცირებული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიღებდით მოთხოვნებს. ახლა ეს ბაზრები ბევრად უფრო ლიმიტირებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ეს არის გადამხდელუნარიანობა. ამ მიმართულებით დღევანდელი კორპორაციული ტურიზმი ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოების საკითხების გამო გადამხდელუნარიანი ტურისტი თავს იკავებს ჩემი აზრით, საქართველოში კორპორაციული ღონისძიებების გამართვისგან.

ჩვენი კომპანია ძალიან აქტიურად მუშაობდა, რომ ჩეხური, უნგრული, რუმინული, ბრიტანული ბაზრები აგვემუშავებინა, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ 2022 წლიდანაა. მაგალითად, შარშან ერთ-ერთმა საერთაშორისო უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოში ჩაატარა თავისი ღონისძიება, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი ტიპის კომპანიებისგან მოთხოვნა შედარებით უფრო ნაკლებადაა.

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ დაკარგა თუნდაც ევროპის ბაზარი კორპორაციული ტურიზმის მიმართულებით, არამედ როგორც კი თურქეთი გაიხსნა პოსტპანდემიის პერიოდში, გალფის ქვეყნების და საუდის არაბეთის ტურიზმის დიდმა ნაწილმა ჩვენს კონკურენტ ქვეყნებში გადაინაცვლა. უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურად საკმაოდ კონკურენტულ რეგიონში ვართ ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა გურამ ავალიანმა.

bm.ge