გოგრა ბაღჩეული კულტურაა და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. გოგრის ნაყოფი შეიცავს მინერალურ მარილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, კაროტინს, ვიტამინებს, არაერთი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მისი თესლიც. ამავდროულად გოგრა „ჰელოუინის“ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. 31 ოქტომბერს „კომერსანტი“ გთავაზობთ გოგრის იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკას.
2023 წლის 9 თვეში საქართველოში 138 020 აშშ დოლარის 743.53 ტონა გოგრის იმპორტი განხორციელდა. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია. მეზობელი ქვეყნიდან იანვარი-სექტემბრის პერიოდში 136 120 აშშ დოლარის 732.77 ტონა ახალი ან გაცივებული გოგრა, ყაბაყი, ყელიანი გოგრები და გოგრისებრთა ოჯახის (Cucurbita spp.) სხვა ბოსტნეული შემოვიდა. მეორე ადგილზეა ეგვიპტე 1 710 აშშ დოლარის 1.74 ტონა, უმნიშვნელო რაოდენობით შემოვიდა გოგრა საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან,
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ექსპორტზე მიმდინარე წლის 9 თვეში 496 850 აშშ დოლარის 582.15 ტონა გოგრა გავიდა.
მთავარი საექსპორტო ქვეყნები კი ასე გამოიყურება:
333 300 აშშ დოლარის 379.52 ტონა გოგრა რუსეთში გავიდა. 157 790 აშშ დოლარის 178,82 ტონა სომხეთში, ხოლო 4760 აშშ დოლარის 23.81ტონა გოგრის ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა.