უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა, - ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise იუწყება. 

პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა.

"თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოვა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი, 3%-ია.

რაც შეეხება სექტორების წილს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერობდა, რასაც მოჰყვებოდა საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. სოფლის მეურნეობა კი მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 0% იყო, რაც ე.წ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის განუსაზღვრელად დიდ წარუმატებლობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება 2024 წლის 9 თვის შედარებას 2023 წლის 9 თვესთან, ორივე წელს სოფლის მეურნეობა კვლავ ყველაზე წარუმატებელ სექტორად რჩება და მისი წილი 0%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი 41%-იანი წილით, რასაც ენერგეტიკის სექტორი (16%), დამამუშავებელი მრეწველობა (15%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოჰყვება (14%)," - წერია დოკუმენტში.

პუბლიკაციის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორებზე შემდეგი პროპორციით გადანაწილდა (2014-2023 წლების დაჯამებული მონაცემები):

  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 53%
  • საფინანსო სექტორი - 21%
  • დანარჩენი სექტორები - 13%
  • ენერგეტიკა - 11%
  • უძრავი ქონება - 10%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 10%
  • მშენებლობა - 7%
  • სასტუმროები და რესტორნები - 4%
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 3%
  • ჯანდაცვის სექტორი - 2%
  • სოფლის მეურნეობა - 0%