მეორე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ის არის, რომ ავიაგადამზიდავს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან სათანადო ნებართვა ჯერ არ მიუღია. ინფორმაციას გაზეთი „იზვესტია“ ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის პარალელურად, მაისში Red Wings-მა ქართული მხრიდან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების დაწყებაზე თანხმობა მიიღო. ავიაკომპანია ფრენების განხორციელებას დომოდედოვო-ქუთაისის, ჟუკოვსკი-თბილისის და სოჭი-თბილისის მარშრუტებზე და ჩარტერულ რეისებზე გეგმავდა.

„ველოდებით ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დანიშნული გადამზიდავი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე და ქართული მხარესთან გვაქვს შეთანხმება ყველა ჩარტერზე“, - აცხადებს გაზეთ „იზვესტიას“ წყარო.

Red Wings-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  საქართველოს მიმართულებით ფრენების დასაწყებად ავიაკომპანია ტრანსპორტის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება.

მათი თქმით, საქართველოს მიმართულებით ახალი რეისების დანიშვნა ავიაბილეთების ღირებულებას შეამცირებს. თუმცა, რუსეთის ტურისტული სააგენტოების ალიანსის (ATA) ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ მკრტჩიანი მიიჩნევს, რომ ფასების შესამცირებლად ქვეყნებს შორის კვირაში მინიმუმ 50 ფრენაა საჭირო, ახლა კი მხოლოდ 14-ია.

შეგახსენებთ, რომ Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენის დაწყებას ივნისის დასაწყისში გეგმავდა. შემდეგ ფრენების განრიგი 12 და 16 ივნისისთვის გადაიდო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის ბრძანებას ხელი 10 მაისს მოაწერა. საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი 19 მაისს რუსული კომპანია Azimut-მა შიდა წარმოების Sukhoi Superjet 100 (SSJ100) თვითმფრინავით შეასრულა. მეორე დღეს კი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა ფრენა  მოსკოვის მიმართულებით.