რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით ფრენის ნებართვა აქვს, საქართველოში ავიამიმოსვლას ჯერ არ იწყებს. Red Wings-ის ვებსაიტზე საქართველოს მიმართულებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.
ექსპერტი ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ ფიქრობს, რომ Red Wings-ს საქართველოში ოპერირების დაწყებამდე შეეზღუდება პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა.
„Red Wings-ის მთავარი მიზანია ქუთაისის აეროპორტის საშუალებით რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოხვედრა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გეგმა მას არ გამოუვა. ვფიქრობ, რომ ვიდრე ისინი ოპერირებას დაიწყებენ, მანამდე შეეზღუდებათ საქართველოში პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.
რაც შეეხება არსებულ ავიაკომპანია Wizz Air-ს, მან ქუთაისში მე-3 ბაზირებული ხომალდი დაამატა, თუმცა ეს რუსეთთან ფრენების აღდგენამდე დააანონსეს. მოგეხსენებათ, ახლა ისეთი სეზონია, როცა მოთხოვნა დიდია და ეს დამატება აუცილებელი იყო, ამიტომ ვფიქრობ, ეს არ არის კავშირში რუსეთის მოქალაქეებთან და არ მგონია რომ მათი გათვლა ყოფილიყო რუსული ავიაკომპანიის ფრენებზე“, - ამბობს იასე ზაუტაშვილი.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.