რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა, რომელმაც გუშინ საკუთარ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი დაამატა, დღეს ისევ ამოიღო. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - flyredwings.com - ქვეყნების ჩამონათვალში - საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აღარ იძებნება.
შეგახსენებთ, რომ Red Wings-ს Azimut-თან ერთად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ნებართვა მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს. ამ დრომდე კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ გამოჩენილა. უცნობია, როდის დაიწყებს Red Wings-სი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს.