საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის საფუძველზე დათვალა თითოეული სექტორის წვლილი რამაც გასულ წელს არსებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ამ სექტორებს შორის ზომით პირველ ადგილზე კვლავინდებურად ვაჭრობის სექტორია, რომლის ზომაც 13.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა წლიურად ვაჭრობის სექტორის ზრდამ მხოლოდ 3.8% შეადგინა და შესაბამისად მთლიან 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში მისი კონტრიბუცია მხოლოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იყო. ხოლო სექტორებს შორის ყველაზე მაღალი 28.7%-ის ზრდა ჰქონდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, რომლის ზომაც 7.4 მილიარდი ლარი გახდა, თუმცა ასეთი მაღალი ზრდის გათვალისწინებით 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის წვლილი 1.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის კონტრიბუცია ყველაზე მაღალია.

მეორე პოზიცია 2025 წელს განათლების სექტორმა დაიკავა უჩვეულოდ მაღალი - 24.5%-იანი ზრდით, რის შედეგადაც განათლების სექტორის ზომამ 5.86 მილიარდ ლარს მიაღწია. ამის გათვალისწინებით, განათლებას 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში 1.2 პროცენტული პუნქტის წვლილი ჰქონდა. მესამე პოზიციას კი იკავებს საფინანსო სექტორი, სადაც გასულ წელს 12.9%-ის ზრდა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სექტორის ზომამ 4.69 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორის წვლილი 7.5%-ის ეკონომიკურ ზრდაში 0.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა სექტორებს - ენერგეტიკის სექტორში გასულ წელს 4.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა, რისი გათვალისწინებითაც ამ სექტორმა მთლიან ეკონომიკურ ზრდაში მინუს 0.1 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ასევე ზრდის ნაცვლად კლება იყო სოფლის მეურნეობაში 5.7%-ის ოდენობით, რის გამოც ამ სექტორმა ეკონომიკურ ზრდაში მინუს 0.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.

ვრცლად bm.ge - ზე