საქართველოში პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე არის სავალდებულო, რაც ძალიან ხშირად კომპანიების მხრიდან ირღვევა. ბოლო პერიოდში ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო. მოქალაქეების საჩივრებმა იმატა და კონკურენციის სააგენტოში მიმართვიანობა გაზრდილია. განსაკუთერბით პრობლემაა რესტორნებში, მიტანის სერვისში და უკვე სატაქსო მომსახურებაშიც.
მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს, თუმცა კანონი ხშირად ირღვევა.
ასე მაგალითად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ "გლოვოს” მიერ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. მოქალაქე ჩიოდა, რომ კურიერი ქართულ ენას ვერ ფლობდა, რის გამოც მან შეკვეთა ვერ მიიღო. საკურიერო კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მიეცა.
"2024 წლის ბოლოს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება მიიღო, რომელიც ამბობდა, რომ "გლოვოს“ სერვისით შეკვეთა გააკეთა, მაგრამ იმის გამო, რომ კურიერი არაქართულენოვანი იყო, კომუნიკაცია ვერ შედგა.
მომხმარებელმა შეკვეთა ვერ მიიღო და კომპანიის თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სანამ კონკურენციის სააგენტოს არ მიმართა.
ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს წინარე ეტაპი თუ უშუალოდ, შეკვეთის მიღების დროს, ქართულ ენაზე მომსახურება აუცილებელია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართვისას ჩვენ დავადგინეთ, უსამართლო კომერციული საქმიანობა, რაც უნდა აღმოიფხვრას.
კომპანია „გლოვოს“ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა, რა ვადაშიც ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო. ონლაინფორმატში ჩვენ შევხვდით "გლოვოს” ესპანურ წარმომადგენლობას. საქმე დასრულებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა დღეის მდგომარეობით, აპლიკაციაში ჩაშენებულია სპეციალური ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, როცა კურიერმა ქართული ენა არ იცის, მომხმარებელი უკავშირდება კომპანიის წარმომადგენლობას და ამ პროცესში კომპანიის წარმომადგენელი შუამავალი რგოლი ხდება. ის ხედავს, სად იმყოფება კურიერი, მომხმარებელი, კომუნიკაციაში ეხმარება და საქმე მარტივდება.
ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა. ჩვენ არაერთი განცხადება მივიღეთ, რომელიც ზოგადად, ქართულ ენაზე მომსახურების არასრულფასოვნად მიღებას ან საერთოდაც ვერ მიღებას შეეხებოდა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით სანამ ნივთს ან მომსახურებას შევიძენთ, სრული ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა მივიღოთ. მომხმარებელს დამაზუსტებელი კითხვების დასმა სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით არ უნდა სჭირდებოდეს, ინფორმაცია უნდა იყოს სრული და ამომწურავი”, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ამათი ამაროვმა "კომერსანტთან” და დასძინა, რომ კონკურენციის სააგენტოს თვითმიზანი მოვაჭრის დაჯარიმება არ არის, ამიტომაც პირველ ეტაპზე მათ გაფრთხილება და გონივრული ვადა ეძლევათ.
2022 წლის შემდეგ კონკურენციის სააგენტოში მიმართვიანობა გაორმაგებულია. ეს ნიშნავს, რომ პრობლემებმა იმატა. მომხმარებელთა უფლებადამცველი ლია კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ქართული ენის არმოცდნე ადამიანის დასაქმება გაუმართლებლია.
"ეს დაუშვებელია, რადგან ადამიანი რომელ ქვეყანაშიც ჩადის და ოფიციალურად საქმდება, იქაური ენა უნდა იცოდეს - იქნება ეს ინგლისი, იტალია, საქართველო, თუ გერმანია, არ აქვს მნიშვნელობა. უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ მიტანის სერვისის თანამშრომლები ქართულ ენას ვერ ფლობენ. სხვათა შორის, ძალიან შევიწროვებულები არიან ქართველი კურიერები, მთელი ამბავია ამაზე სოციალურ ქსელში. სულ მიკვირდა და გაოგნებულიც კი ვარ, როგორ უშვებს კომპანია იმას, რომ კურიერად აჰყავს ისეთი პიროვნება, რომელმაც არ იცის ჩვენი ენა. ასეთმა ადამიანმა რანაირად უნდა მიაწოდოს სერვისი საქართველოს მოქალაქეს?
საქართველოს მოქალაქეების ძირითადი უფლება ის არის, რომ შეგვეძლოს ქართულად საუბარი და სწორედ ჩვენს ენაზე უნდა მივიღოთ ყველანაირი სერვისი თუ მომსახურება.
კომპანიას თავიდანვე არ აქვს უფლება თანამშრომლად აიყვანოს ქართული ენის არმცოდენა ადამიანი. როგორ შეიძლება დაასაქმო ადამიანი, რომელმაც არ იცის სასაუბრო ენა. ეს წარმოუდგენელი დოზით არის საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა, ამიტომ არანაირი გაფრთხილება არაა საჭირო, მაშინვე უნდა იყოს ჩახსნილი და კომპანიებს მოვთხოვოთ, რომ ასეთი ხალხი არ მიიღონ სამსახურში.
ენის ცოდნა ნებისმიერ ქვეყანაში პრიორიტეტია, ამიტომ აქ კითხვის ნიშანიც კი არ უნდა დაისვას. მე ჩემს ქვეყანაში ქართულ ენაზე მინდა სერვისის მიღება. შეიძლება ინგლისურიც ვიცოდე, გერმანულიც და რუსულიც, მაგრამ მშობლიურ ენაზე მინდა მომსახურება.
ჩვენი უფლებები ირღვევა. ეს ამბავი დაახლოებით ასეთია, რომ სკოლაში ქართული ენის გაკვეთილზე შევუშვათ ინდოელი ან სხვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენი მშობლიური ენა არ იცის”, - განუცხადა "რეზონანსს” ლია კვარაცხელიამ.
სახელმწიფო ენაზე მომსახურების ვერ მიღება პრობლემაა არა მხოლოდ მიტანის სერვისში, არამედ კაფე-ბარებში, რესტორნებში და მომსახურების სხვა ადგილებში.
იგივე მოსაზრება აქვს კიდევ ერთ უფლებადამცველს, კომპანია "ეტიკის” ხელმძღვანელს ამირან შენგელიას, ვინც ასევე მიიჩნევს, რომ მომხმარელებთა უფლებები ხშირად ირღვევა.
"ვინც არ იცის ქართული ენა, ის საქართველოში არ უნდა მიიღონ სამუშაოდ. ასეთი პრობლემა პირადად მაქვს გამოცდილი. ტაქსი გამოვიძახე, მძღოლი შორი გზით წავიდა და ვუთხარი, რომ მოკლე გზით წასულიყო, მაგრამ ვერაფერი გაიგო, რადგან ქართული არ იცოდა და ზედმეტი კილომეტრები მატარა. რაში მჭირდება ასეთი მომსახურება?! ხშირია შემთხვევა, როდესაც მიტანის სერვისის თანამშრომელი მომხმარელებს ურეკავს იმ მიზეზით, რომ ადგილს ვერ მიაგნო და აქეთ ითხოვს მასთან მისვლას ან როდესაც კონკრეტულ პროდუქციას უკვეთავს ადამიანი კონკრეტული ინგრედიენტებით და სულ სხვა შეკვეთა მიაქვს კურიერს, მაგრამ ვერაფერს აგებინებს, რადგან არც მან იცის ქართული.
ბევრი ასეთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. როდესაც, მაგალითად, პროდუქციას ვყიდულობთ, მას ხომ აწერია ქართულად ყველაფერი? ტაქსიც ერთგვარი პროდუქტია და იგივენაირად უნდა იყოს მომსახურებაში”, - ამბობს ამირან შენგელია.