მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, 2026 წელს, ისევე როგორც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობენ. სია პლატფორმა Brand Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.

რეიტინგის მეთოდოლოგია არ არის დაფუძნებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე, არამედ მათ მიერ მარკეტინგულ საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე, ბრენდის სიძლიერესა და საერთო ფინანსურ მაჩვენებლებზე.

როგორც აღვნიშნეთ, რეიტინგის მოწინავე პოზიციებს ტექნოლოგიური და ციფრული პლატფორმები იკავებს. სიაში პირველი პოზიცია ბრენდის $608-მილიარდიანი შეფასებით სმარტფონებისა და კომპიუტერების მწარმოებელ ამერიკულ Apple-ს ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ის მხოლოდ ბრენდის ღირებულება მსოფლიოში არსებული კომპანიების უმეტესობის საბაზრო კაპიტალიზაციასაც კი მნიშვნელოვნად აჭარბებს.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე $565-მილიარდიანი შეფასებით Microsoft-ია, რომლის ბრენდის ცნობადობაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ხარისხთან და ინოვაციურობასთან ასოცირდება. მესამე და მეოთხე პოზიციები Google-სა ($433 მილიარდი) და Amazon-ს ($370 მილიარდი) უკავიათ. რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე კი Nvidia ($184 მილიარდი) იმყოფება, რომელიც 2025 წლის შემდეგ აღნიშნულ რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა. ეს, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა.

რეიტინგის ხუთეული ნათლად ასახავს გლობალურ ბაზრებზე ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიის მზარდ როლს.

საინტერესოა, რომ ათეულში მეექვსე პოზიციაზე მოხვდა ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ბრენდი, $154 მილიარდად შეფასებული TikTok-იც. ათეულში ასევე გვხვდება ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ენერგოკომპანია State Grid Corporation of China.

ადგილი ბრენდი ინდუსტრია ბრენდის ღირებულება
1 Apple ელ.მოწყობილობები 608 მილიარდი
2 Microsoft პროგრამული უზრუნველყოფა 565 მილიარდი
3 Google მედია 433 მილიარდი
4 Amazon ელ.კომერცია 370 მილიარდი
5 NVIDIA ნახევარგამტარები 184 მილიარდი
6 TikTok მედია 154 მილიარდი
7 Walmart საცალო გაყიდვები 141 მილიარდი
8 Samsung სხვადასხვა 119 მილიარდი
9 Facebook მედია 107 მილიარდი
10 State Grid Corporation of China ენერგეტიკა 102 მილიარდი


Forbes.ge