ორგანიზაცია "დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გუდაურში არსებული საცობებისა და საპარკინგე სივრცეების პრობლემის მოგვარება კანადური კომპანია Ecosign Mountain Resort Planners Ltd-ის მიერ მომზადებული გენერალური გეგმის სისრულეში მოყვანით არის შესაძლებელი. გეგმის მიხედვით, ცენტრალური საპარკინგე სივრცე სოფელ სეთურებში უნდა მოწყობილიყო, კურორტთან წვდომა კი მას საბაგიროთი უნდა ჰქონოდა.
სალუქვაძე ამბობს, რომ 2015 წელს მომზადებული გენგეგმის და ე.წ. „მასტრეპლანის“ გამოყენება არ მოხდა, რის გამოც კურორტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქაოსურად განაშენიანდა, რაც მას ეტაპობრივად მხარჯველუნარინი ტურისტების რაოდენობას აკარგვინებს.
„სეზონი კლიმატური თვალსაზრისით ძალიან წარმატებულია, უხვი ნალექი გვაქვს რაც სტუმრების რაოდენობაზეც დადებითად აისახა. თუმცა, რაოდენობის ზრდასთან ერთად ტურისტის ხარისხი არ გაზრდილა, პირიქით -შემცირდა. ძირითადად გვყავს სტუმრები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან, შუა აზიისა და აზიის ქვეყნებიდან. რაოდენობა კარგია, მაგრამ მათი ხარჯვის უნარი შედარებით დაბალია. ნაკლებად მოიხმარენ სრულ სერვისს: ინვენტარის ქირაობას, კვებას, „აპრესკის“ კულტურას, რაც კურორტის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.
წლების წინ ძალიან დიდი და კარგი ჯგუფები ჩამოდიოდნენ ბალტიისპირეთიდან. ეს ჯგუფები გაქრნენ. „დაიცავი მთის კურორტები“ დაინტერესდა ამ საკითხით, ჩვენ მივმართეთ საელჩოებს, რომლებმაც დაგვაკავშირეს დიდ ტურისტულ ფირმებთან ბალტიისპირეთში და მივიღეთ პასუხები, რომ იმდენად უკმაყოფილო ბრუნდებიან ტურისტები საქართველოდან, რომ ჩვენ მათ აღარ ვთავაზობთ პაკეტებს, იმიტომ, რომ ეს შემდეგ ჩვენს მარკეტინგზე ცუდად აისახებაო.
ამის მიზეზი ბევრი რამეა. ძირითადად კი არასწორად დაგეგმილი განვითარება. არსებობდა მკაფიო გეგმა, რომელიც 2010–2015 წლებში კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა, თუმცა პროცესი შეჩერდა. ამის შემდეგ განვითარება ფრაგმენტულად და დაუგეგმავად გაგრძელდა, რამაც ქაოსი და „ჭაობის ეფექტი“ შექმნა. გუდაური რელიეფურად რთული ტერიტორიაა და საჭიროებდა ეტაპობრივ, გონივრულ დაგეგმარებას, მათ შორის ცენტრალური საპარკინგე სივრცის მოწყობას სოფელ სეთურებში და საბაგიროთი კურორტთან დაკავშირებას. ეს პროექტი არ განხორციელდა, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ რაღაცა ძაბრი, სადაც ცენტრი ახლა არის ახალი გუდაური, სადაც შემოდიხარ და ვეღარაფერს აკეთებ, ვეღარც უკან გადიხარ, ვეღარც შიგნით მოძრაობ და ცხადია ეს იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას.
დამატებით გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურის მართვა. რეაბილიტირებული გზა და ტროტუარი არსებობს, მაგრამ არ არის ზამთრის ექსპლუატაციის მკაფიო გეგმა - ვინ გაწმენდს და მოუვლის მას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „რედკომ“ პარკინგები გამოყო, ხშირად მათთან მისვლაც კი რთულია.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ერთიანი კურორტის მართვის სისტემის არარსებობაა. ეს ეხება არა მხოლოდ გუდაურს, არამედ ბაკურიანის, სვანეთის და გოდერძისაც. პასუხისმგებლობები გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის (დუშეთი, ყაზბეგი), რაც კოორდინაციის პრობლემას ქმნის. ამას ემატება კერძო მიწების არათანმიმდევრული განაწილება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას ხშირად უძლურს ტოვებს. საბოლოოდ, პრობლემის საფუძველი არის სტრატეგიული დაგეგმარებისა და ერთიანი მართვის არარსებობა, რაც პირდაპირ აისახება ტურისტის ხარისხსა და კურორტის რეპუტაციაზე.“ - განაცხადა სალუქვაძემ.