საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირის საზღვრებიდან საქართველოს მოქალაქეების მობრუნების რიცხვი გაიზრდება - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ალექსანდრე მიშველიძესთან ინტერვიუს მთავარი თემა მიმდინარე წლის 6 მარტიდან ძალაში შესული ევროკომისიის ის გადაწყვეტილება იყო, რომლის თანახმად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ მიმართ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისას კონტროლი გაძლიერდეს.
„პატიოსან მოგზაურებსაც მოგვიწევს დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა, დამატებითი საბუთების წარდგენა და ზედმეტი სტრესის ატანა... მართალია, მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ნარჩუნდება, მაგრამ შესაძლოა, პატიოსანი მოგზაურიც არ მოეწონოს მესაზღვრეს და უკან გააბრუნოს“, — აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე. ის არ გამორიცხავს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სრულად გაუუქმდეს.
ინტერვიუ ალექსანდრე მიშველიძესთან
- 6 მარტიდან, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს მოეთხოვებათ ვიზის ქონა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას; საქართველოს მოქალაქეები კი ისევ უვიზოდ ვივლით, თუმცა რამდენად მოსალოდნელია გართულებები იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციაა, საზღვრის კვეთისას გაძლიერებულად შემოწმდეს საქართველოს ყველა მოქალაქე?
- ჩვენთვის დამატებითი ბარიერები გაჩნდება. ეს განპირობებულია იმითაც, რომ 2025 წლის 12 ოქტომბრიდან, ევროკავშირში ამოქმედდა შესვლა-გასვლის ელექტრონული სისტემა, ამიტომ პრაქტიკულად გამორიცხულია, 180-დღიან პერიოდში 90-დღიანი ყოფნის წესი ვინმემ დაარღვიოს.
- ავუხსნათ მოქალაქეებს, როგორ მუშაობს შესვლა-გასვლის ელექტრონული სისტემა და რა შეიცვალა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის?
- ელექტრონულ სისტემაში ბიომეტრიული მონაცემები ინახება. მესაზღვრეს აღარ უწევს დღეების ხელით ათვლა. ამდენად, პასპორტის გამოცვლა, გვარის შეცვლა ან სახმელეთო გზით წასვლა გამოსავალი აღარ არის - ელექტრონული სისტემა უკვე ყველგანაა - სახმელეთო გამშვებ პუნქტებში, პორტებსა და აეროპორტებში. შესაბამისად, წესის დარღვევა უკვე გამორიცხულია. ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს უკან გამოაბრუნებენ. ხშირად სვამენ კითხვებს, სახმელეთო გზით შესვლაზე [ევროკავშირის ქვეყნებში] მაგრამ ეს „ხვრელი“ აღარ არსებობს; ამიტომ ძალიან ბევრი გამოძევება იქნება [ევროკავშირის ქვეყნებიდან], რადგან იქ ყოფნის წესი უკვე ბევრ მოქალაქეს აქვს დარღვეული... უკვე დაიწყო გამოძევებები და პასპორტებში შესაბამისი აღნიშვნების - შტამპების გადახაზვა. არსებობს კონკრეტული აღნიშვნა „H“, რაც ნიშნავს, რომ პიროვნება შეყვანილია შენგენის საინფორმაციო სისტემაში და მასზე გაცემულია აკრძალვა შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე. ასეთი ადამიანი საზღვარს ვეღარ გადაკვეთს. რაც შეეხება პატიოსან მოგზაურებს - ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კითხვების პასუხის გაცემა, მეტი საბუთის წარდგენა და ზედმეტი სტრესის ატანა. შეიძლება მესაზღვრეს რაღაც უბრალოდ არ მოეწონოს და უკან გამოგაბრუნოთ. აი, ეს შეიცვალა. ეს გამოიწვია „ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ - პატიოსანი მოგზაურიც შეიძლება დაზიანდეს. მაგალითად, შეიძლება ხვალ მე მივიდე ბერლინის საზღვარზე და მესაზღვრემ არ შემიშვას, რადგან დაეჭვდეს, რომ შრომითი მიგრანტი ან არალეგალი ვარ. ადრე ეს პრობლემა არ გვქონდა - საზღვარზე პრობლემების გარეშე გვატარებდნენ და გამობრუნების მაჩვენებელი მინიმალური იყო. ახლა ეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება, რაც პატიოსან მოგზაურებს დიდ საფრთხეს გვიქმნის...
- მოკლედ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ნარჩუნდება, მაგრამ სავარაუდოდ, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლამდე უფრო მეტ კითხვას დაგვისვამენ და მეტ საბუთს მოგვთხოვენ?
- დიახ... ევროკავშირის მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები უფრო მკაცრად შემოწმდნენ. ალბათ თქვენც გახსოვთ, ადრე ბევრ ქვეყანაში მხოლოდ პასპორტს გვიმოწმებდნენ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება. ამიერიდან აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი შემოწმდება: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, ფინანსური უზრუნველყოფა... მეტიც, თუ მესაზღვრეს ეჭვი გაუჩნდება, თუნდაც ადამიანის ჩაცმულობის გამო, რომ ის შეიძლება იყოს შრომითი მიგრანტი ან აპირებს არალეგალურად დარჩენას, გაჩნდება დამატებითი კითხვები მის ბარგზე თუ ვიზიტის მიზნებზე. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წევრების ქმედებები ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, დამატებით პრობლემებს გვიქმნის.
- თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია პოლიტიკური შედეგის მისაღწევად უვიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის - თუ ევროპული ბიუროკრატია მაინც არ კარგავს იმედს?...
- დიახ, ევროპული ბიუროკრატია ნამდვილად არ კარგავს იმედს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს რეალობას და ხედავენ, რომ რუსთაველზე ყოველდღე ასობით ადამიანი დგას. სწორედ ამის გამო არ შეგვიჩერდა, ჯერჯერობით, უვიზო მიმოსვლა. ევროპელი დიპლომატები პირადი შეხვედრებისას პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. იმ ადამიანებმა, ვინც ქუჩაში გამოდის, შეუნარჩუნეს ქვეყანას ეს სიკეთე. სამწუხაროდ, სხვები ამაზე „პარაზიტობენ“. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ უვიზო მიმოსვლა ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს არ არის პესიმისტური პროგნოზი, ეს რეალობაა: თუ დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება და ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მოიმატებს, საფრთხე მთელ ქვეყანას დაემუქრება. რეპრესიული პოლიტიკის გამო ხალხი გარბის და იქ ითხოვს თავშესაფარს, რაც ევროკავშირისთვის დიდი პრობლემაა. მაგალითად, გერმანიის დღის წესრიგში უკვე დგას საკითხი, რომ საქართველო ამოიღონ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი, როცა ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ?!
- გამოდის, რომ ეს 12 თვე + 24 თვე ევროკავშირმა ისევ ქართველ ხალხს მისცა და არა „ოცნებას“, რომლის ხელშიცაა ბერკეტები, გააუქმოს ის კანონები, რამაც აქამდე მოგვიყვანა?
- ნამდვილად ასეა. ეს ვადა ქართველ ხალხს მიეცა, რათა როგორმე აიძულოს მთავრობა, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირისკენ. ევროკავშირს ურთიერთობები არ შეუწყვეტია - ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა. ეს დრო იმისთვისაა, რომ ხალხთაშორისი კონტაქტები არ შეიზღუდოს და ის პრივილეგია შევინარჩუნოთ, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია. ამით „ქართულ ოცნებას“ დაანახვეს, რომ კანდიდატის სტატუსი და ეს სიკეთეები ხალხის ბრძოლის შედეგია და არა მათი დამსახურება.
- თუმცა, თუ 2028 წლის მარტამდე ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რამდენად დიდია ალბათობა, რომ უვიზო მიმოსვლა სრულიად საქართველოს გაუუქმდეს? ევროპელმა ლიდერებმა - კაია კალასი და მარტა კოსმა რამდენიმე დღის წინაც გაგვიმეორეს, რომ EU-ის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე დაგვრჩა. სულ ხომ ვერ დახუჭავენ თვალს?
-ყველაფერი მკაფიოდ არის განსაზღვრული: ჩვენ უკვე ვეღარ ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციითა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. როდესაც ქვეყანა პირობებს არ ასრულებს, რატომ უნდა შეუნარჩუნდეს მას უვიზო მიმოსვლა?! და თუ ეს მოხდება, სრულად ამ არალეგიტიმური მთავრობის ბრალი იქნება. ევროპელი მაღალჩინოსნებიც ამას გვეუბნებიან, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის მუდმივი მოცემულობა. ახლა უკვე არსებობს გამარტივებული მექანიზმი: ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია დააყენოს საკითხი ევროკომისიაში, თუ ჩათვლის, რომ მიგრანტების ნაკადი მის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს აღარ არის თვეებზე ან წლებზე გაწელილი პროცესი. კვალიფიციური უმრავლესობა გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად მიიღებს. ეს უმარტივესი პროცედურაა.