თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 13 აპრილს, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით სპეციალურად დანიშნული ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. დროებითი მარშრუტები სადღესასწაულო დღეებში მგზავრთნაკადის მართვის მიზნით დაწესდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.