ადამიანთა უმეტესობამ აპენდიქსის (ჭიანაწლავი, ბრმა ნაწლავი) შესახებ მხოლოდ ორი რამ იცის: ჩვენ ის არ გვჭირდება და თუ გასკდა, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.

ეს ამბავი სათავეს სულ მცირე ჩარლზ დარვინისგან იღებს, ინგლისელი ბუნებისმეტყველის, რომელმაც შეიმუშავა ბუნებრივი გადარჩევის თეორია. თავის წიგნში „ადამიანის წარმოშობა“, ის ბრმა ნაწლავს ნარჩენს უწოდებს — გადმონაშთს მცენარის მჭამელი წინაპრებისგან, რომლებსაც უფრო დიდი მომნელებელი ორგანოები ჰქონდათ.

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ინტერპრეტაციამ გამოძახილი ჰპოვა როგორც სახელმძღვანელოებში, ისე ჩვეულებრივ სამედიცინო სიბრძნეში.

თუმცა, როგორც ჩანს, აპენდიქსის ევოლუციური ამბავი გაცილებით რთულია.

აშშ-ის ტაფტსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოუხმეს თავიანთ გამოცდილებას ქცევით ეკოლოგიაში, ბიოლოგიაში, ასევე მიმოიხილეს სამეცნიერო ლიტერატურა აპენდიქსის შესახებ. ელოდებოდნენ, რომ მარტივ პასუხს მიიღებდნენ.

მაგრამ მათ წინაშე აღმოჩნდა ორგანო, რომელსაც ევოლუცია განუწყვეტლივ თავიდან იგონებდა და რომელიც იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია.

როგორ ჩამოყალიბდა ბრმა ნაწლავი?

აპენდიქსი არის პატარა ჯიბე, რომელიც გამოეყოფა მსხვილი ნაწლავის პირველ ნაწილს. მისი ფორმა და სტრუქტურა სახეობებს შორის დიდად განსხვავდება — მინიშნება იმისა, რომ ევოლუციამ შესაძლოა ის არაერთხელ შეცვალა.

ზოგიერთ სახეობას, მათ შორის გარკვეულ პრიმატებს, როგორიცაა ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები — გრძელი, ცილინდრული აპენდიქსი აქვთ. სხვებს, მათ შორის რამდენიმე ჩანთოსანს, როგორიცაა ვომბატი და კოალა, უფრო მოკლე და ძაბრის ფორმის ბრმა ნაწლავი აქვთ.

კიდევ სხვებს, მათ შორის ზოგიერთ მღრღნელსა და ბოცვერს, აქვთ სხვადასხვაგვარად პროპორცირებული ან განშტოებული სტრუქტურები. ეს სტრუქტურული მრავალფეროვნება მიუთითებს, რომ ევოლუციამ ეს ორგანო სხვადასხვა ეკოლოგიურ გარემო პირობებში შეცვალა.

ამ ეჭვს მხარს უჭერს ევოლუციური ანალიზები. შედარებითი კვლევები აჩვენებს, რომ აპენდიქსის მსგავსი სტრუქტურები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა ძუძუმწოვართა სულ მცირე სამ სხვადასხვა ხაზში — ჩანთოსნებში, პრიმატებში და გლირესებში — ჯგუფში, რომელშიც შედიან მღრღნელები და ბოცვრები.

ვრცელმა ევოლუციურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ აპენდიქსი ცალ-ცალკე, სულ მცირე 32-ჯერ განვითარდა ძუძუმწოვრების 361 სახეობაში.

როცა თვისება განუწყვეტლივ და დამოუკიდებლად ყალიბდება, ბიოლოგები ამას კონვერგენციულ ევოლუციას უწოდებენ. კონვერგენცია არ ნიშნავს, რომ სტრუქტურა აუცილებელია, მაგრამ მიუთითებს, რომ გარკვეულ გარემო პირობებში ამ სტრუქტურის ქონა უზრუნველყოფს საკმარისად თანმიმდევრულ უპირატესობას ევოლუციისთვის, რათა ის ისევ და ისევ სასარგებლოდ წარიმართოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აპენდიქსი უსარგებლო ევოლუციური შემთხვევითობა იყოს.

რას აკეთებს აპენდიქსი?

ბრმა ნაწლავი მხარს უჭერს იმუნურ სისტემას. შეიცავს ნაწლავთან დაკავშირებულ ლიმფოიდურ ქსოვილს — ნაწლავის კედელში ჩანერგილ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში მიკრობული აქტივობის მონიტორინგს.

ადრეულ ასაკში ეს ქსოვილი განვითარებად იმუნურ უჯრედებს ნაწლავის მიკრობების ზემოქმედების ქვეშ აქცევს, რას სხეულს ეხმარება, რომ ისწავლოს უსაფრთხო სიმბიონტებისა და საზიანო პათოგენების ერთმანეთისგან გარჩევა.

ბავშვობასა და მოზარდობაში, როცა იმუნური სისტემა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, აპენდიქსი განსაკუთრებით მდიდარია სტრუქტურებით, რომლებსაც ლიმფოიდური ფოლიკულები ეწოდება. ეს იმუნური კომპონენტები მონაწილეობენ ლორწოვანი გარსის იმუნიტეტში, რომელიც ახდენს მიკრობული პოპულაციების რეგულირებას ნაწლავის ლორწოვანი გარსის გასწვრივ და სხვა ლორწოვან ზედაპირებზე.

პათოგენების გასანეიტრალებლად, ლიმფოიდური ფოლიკულები წარმოქმნიან ისეთ ანტსხეულებს, როგორიცაა იმუნოგლობულინ A.

მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ აპენდიქსი მიკრობთა თავშესაფრის როლს ასრულებს. ზოგიერთის აზრით, ბრმა ნაწლავი დაფარულია ბიოფილმებით — ბაქტერიების თხელი, სტრუქტურირებული საზოგადოებებით.

კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციების დროს, როცა ხდება მსხვილი ნაწლავიდან მიკრობიომის გამორეცხვა, ამ თავშესაფარში შეიძლება გადარჩნენ და შემდეგ ხელახლა აღორძინდნენ ამ ბიოფილმებში შეფარებული ბაქტერიები. ეს სასარგებლო ბაქტერიები ეხმარებიან საჭმლის მონელებას, ებრძვიან პათოგენებს და ურთიერთქმედებენ იმუნურ სისტემასთან ისე, რომ შემცირდეს ანთება და ხელი შეეწყოს გამოჯანმრთელებას.

ამ ჰიპოთეზებმა გააჩინა კითხვა, რომელიც მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა — თუკი ბრმა ნაწლავი მიკრობული სტაბილურობის შენარჩუნებას ეხმარება, შეიძლება თუ არა მისმა მოცილებამ უმნიშვნელოდ იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

ძველი კლინიკური შეშფოთების თანახმად, აპენდიციტმა ან აპენდექტომიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე ფალოპის ლულაში (კვრცხსავალი, რომლითაც ძუძუმწოვართა საკვერცხიდან კვერცხუჯრედი საშვილოსნოში გადადის) ანთების და ნაწიბურების გამოწვევის გამო (მილის ადჰეზიები). ასეთმა ნაწიბურმა შეიძლება ფიზიკურად დააბრკოლოს კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლა.

თუმცა, რამდენიმე დიდმა კვლევამ მას შემდეგ ვერ მიაგნო ნაყოფიერების შემცირებას ბრმა ნაწლავის ამოცლის შემდეგ — ზოგიერთ შემთხვევაში, მკვლევრებმა მიაგნეს მცირე ზრდას ორსულობის მაჩვენებელში.

როგორც ჩანს, აპენდიქსს მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის იმუნური და მიკრობული. თუმცა, ნაყოფიერებაზე ზემოქმედება მათ შორის ნამდვილად არაა.

ევოლუციური მნიშვნელობა და თანამედროვე ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ აპენდიქსს საინტერესო წარსული აქვს და ევოლუცია მას განუწყვეტლივ თავიდან იგონებდა, მისი თანამედროვე მნიშვნელობა, საუკეთესო შემთხვევაში, მოკრძალებულია. დარვინმა ამ ორგანოს ისტორია არასათანადოდ შეაფასა, მაგრამ მისი ინსტინქტი სამედიცინო აწმყოში შორს არ იყო — ადამიანის ბიოლოგიის ზოგიერთ ნაწილს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოში, რომელშიც ადამიანები ევოლუციონირებდნენ, ვიდრე დღევანდელ ცხოვრებაში.

ადრეული ადამიანები ცხოვრობდნენ გარემოში, სადაც არ იყო სანიტარია და ძლიერი იყო სოციალური კონტაქტი — ბრწყინვალე გარემო დიარეის გამომწვევ პათოგენთა გასავრცელებლად. აპენდიქსი, რომელიც ინფექციის შემდეგ სწრაფად აღადგენდა მიკრობიომს, უკიდურესად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო გადარჩენისთვის.

თუმცა, გასულ საუკუნეში, სუფთა წყალმა, სანიტარიული ნორმების გაუმჯობესებამ და ანტიბიოტიკებმა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მკვეთრად შეამცირა დიარეის დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა.

შედეგად, ევოლუციური წნეხი, რომელიც ერთ დროს აპენდიქსის სასარგებლოდ მოქმედებდა, დიდწილად გაქრა. ამასობაში, დარჩა აპენდიქსის ქონის სამედიცინო რისკები, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია აპენდიციტი. თანამედროვე მედიცინა ინფიცირებულ აპენდიქსს ძირითადად მისი ამოცლის გზით მკურნალობს. სტრუქტურა, რომელიც ერთ დროს გლობალური ევოლუციური უპირატესობა იყო, ახლა უფრო სამედიცინო პასუხისმგებლობაა.

ასეთი შეუსაბამობა წარსულის ადაპტაციებსა და თანამედროვე გარემოს შორის, წარმოაჩენს ევოლუციური მედიცინის ძირითად პრინციპს — ევოლუცია ოპტიმიზებულია წინაპრების გარემოში გადარჩენასა და გამრავლებაზე და არა ჯანმრთელობაზე, კომფორტზე ან დიდხანს სიცოცხლეზე თანამედროვე გარემოში.

ევოლუცია თაობების განმავლობაში პოპულაციების დონეზე მოქმედებს, უპირატესობას ანიჭებს თვისებებს, რომლებიც ზრდიან საშუალო რეპროდუქციულ წარმატებას, მაშინაც კი, თუ ეს თვისებები ინდივიდებისთვის საზიანოა. მედიცინა პირიქით მუშაობს — ეხმარება ინდივიდებს აწმყოში კარგად ყოფნაში და არა წარსულში გადარჩენაში.

ადამიანის ბიოლოგიას მრავლად აქვს ისეთი თვისება, რომელიც ერთ დროს სასარგებლო იყო, მაგრამ ახლა მარგინალურია; მათი შესწავლა მედიცინას საშუალებას აძლევს, მიიღოს უკეთესი თანამედროვე გადაწყვეტილებები.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი