ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, სხვა დანარჩენ სფეროებთან ერთად, ნეგატიურად აისახა გამყვან ტურიზმზეც. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია Diverse Travel-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ აფეთქებებმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა, ადამიანები ერიდებიან ისეთი ქვეყნების მიმართულებით მოგზაურობასაც, რომელთაც ცხელ წერტილებთან შეხება არ აქვთ.
„უკვე საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს ამ ომს. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია ძალიან აქტიური და პოპულარული, მათ შორის, რა თქმა უნდა, დუბაი, ასევე, დოჰაც წელს გახდა პოპულარული და საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა გამომდინარე იქიდან, რომ იქ საზაფხულო კლიმატია და ზამთრის პერიოდში საკმაოდ კომფორტული მიმართულება იყო დასასვენებლად. იმის გათვალისწინებით, რომ აფეთქებებმა რამდენიმე ქვეყანა მოიცვა, ადამიანები ერიდებიან არა მხოლოდ ნახსენებ, არამედ სხვა მიმართულებებით მოგზაურობასაც. პირობითად, არანაირი შემხებლობა არ აქვს ომთან ჩრდილოეთ ევროპას, თუმცა ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია ტურისტებში. მნიშვნელოვნად იმოქმედა ეგვიპტის, იორდანიის მიმართულებებზეც. სიმშვიდეა თურქეთშიც, მაგრამ ადამიანების მხრიდან მაინც ნეგატიური მოლოდინებია, შიშის ფაქტორია და შესაბამისად, ტურისტული სეზონი მნიშვნელოვნად დაზარალდა“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.
მისივე ინფორმაციით, ტურისტული კომპანიები რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში არიან იმის გამოც, რომ ავიაკომპანიები ფრენებს 3-4 დღით ადრე აუქმებენ.
„რა ფრენებიც გვქონდა დაგეგმილი მარტის მეორე ნახევარსა და აპრილში, ამ თარიღებთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა იქიდან გამომდინარე, რომ ავიაკომპანიები ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ჯერ ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ფრენებს ჯერჯერობით არ აუქმებენ“, - აღნიშნავს ნიკა კვარაცხელია.