საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო, რაც განპირობებულია როგორც შიდა ეკონომიკური მაჩვენებლებით, ასევე გლობალური ფაქტორები,– ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ, „კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს არის, მასზე ზეწოლას რამდენიმე ფაქტორი ახდენს: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, ნავთობის ფასის ზრდის რისკი, ასევე წელს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა შეიძლება ჰქონდეს შიდა ფაქტორებსაც, კერძოდ - ნავარაუდებ დაბალ მოსავლიანობას.
„რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. არშემცირების არგუმენტებს დაემატა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, თუმცა ამის გარეშეც ჩვენ ვფიქრობდით, რომ რეფინანსირების განაკვეთი მაინც უცვლელი იქნებოდა, რადგან ეკონომიკური აქტივობა ამ ეტაპზე მაღალია და ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს არის, თუმცა მაინც მზარდია. ამასთან, ჩვენი განაკვეთი ამერიკაში არსებულ განაკვეთზეა დამოკიდებული და იქ ჯერჯერობით შემცირების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ინფლაციური რისკია, რომელიც ნავთობის ფასებზე მოქმედებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. გარდა ამისა, წელს ჩვენთან კარგი მოსავალი არ იქნება და ინფლაციაზე ეს ფაქტიც იმოქმედებს“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტის თქმით, მიუხედავად გლობალური და შიდა რისკებისა, მიმდინარე დინამიკა აშკარად ლარის გამყარების არგუმენტია. გამოწვევები არის, მათ შორის, არავინ იცის თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, თუმცა, მიმდინარე დინამიკა ლარის მხარდამჭერია. მართალია უკვე აღინიშნება ტურისტული ნაკადის შემცირება, თუმცა კითხვაა თუ რა განვითარება იქნება მიგრაციის მხრივ.
მთლიანობაში, რასაკვირველია უკვე ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია ძალზედ საყურადღებოა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კონფლიქტის აქტიური ფაზა მალე დასრულდება, რისი ნიშნებიც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის.
„ჯერჯერობით, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია დაახლოებით 4.5% იქნება წლის ბოლოს, რაც ნიშნავს, რომ დეკემბრამდე ინფლაციის მაჩვენებელი ოდნავ მაღალი იქნება და შემდეგ შემცირდება.
თუ ინფლაციური ზეწოლა მეტი იქნება, რაც გამორიცხული არ არის, ვფიქრობთ, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. სავალუტო ბაზარზე ძალიან ჭარბია დოლარის მიწოდება და სები რეკორდული მოცულობით ახდენს რეზერვების შევსებას, ამიტომ თუ ზეწოლა გაგრძელდება, მცირედით, თუმცა ლარი მაინც გამყარდება“,- აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.