ციფრულ ეკოსისტემაში ხელოვნური ინტელექტის გავლენა სულ უფრო აშკარა ხდება, სწორედ ამიტომ, TikTok-მა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც აპლიკაციაში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის მართვას, მომხმარებელთა განათლებასა და აღმოჩენის სისტემების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში პირველი ნაბიჯი სპეციალური გზამკვლევის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებს ციფრული მასალის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

გზამკვლევი მოიცავს ვიდეო მიმოხილვებსა და განმარტებებს, რაც მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან გამოყენებას ასწავლის. გარდა ამისა, უახლოეს კვირებში აპლიკაციაში ჩაშენებული სპეციალური ჰაბიც ჩაეშვება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტერმინების ძიებისას პრაქტიკულ უნარებს გაუზიარებს აუდიტორიას.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა

პარალელურად, TikTok აძლიერებს მუშაობას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სპამისა და დეზინფორმაციის აღმოსაფხვრლად. პლატფორმა დიდი ხანია კრძალავს მსგავს ქმედებებს და იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს მათ მასშტაბურად მოსაშორებლად – მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბაზიდან ოთხმოცდაექვს მილიონზე მეტი ყალბი ექაუნთი წაიშალა. თუმცა, კონტენტის ევოლუციასთან ერთად, უსაფრთხოების მექანიზმების დახვეწაც გარდაუვალია. უახლოეს პერიოდში კომპანია გამართავს იმ სისტემების ტესტირებას, რომლებიც სპეციალურად იმ პროფილების აღმოსაჩენად შეიქმნა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავრცელებენ სპამს საზოგადოებრვი ნდობისთვის საფრთხის შემცველ თემებზე, როგორიცაა პოლიტიკა, ფინანსური რჩევები და სამედიცინო სფერო.

გარდა ამისა, კომპანია აფართოებს პარტნიორობას სპეციალური მარკირების კუთხით. სხვადასხვა უხილავი ციფრული ნიშნებისა და კრეატიული ხელსაწყოების კომბინაციით, პლატფორმაზე უკვე სამ მილიარდზე მეტ ვიდეოს მიენიჭა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტის სტატუსი.

ეს ყველაფერი დიდი დილემის ნაწილია – ერთი მხრივ, აპლიკაციები ცდილობენ დანერგონ კრეატიული ხელოვნური ინტელექტის ოფციები, რათა აჰყვნენ ტექნოლოგიურ ტრენდებს და გაზარდონ ჩართულობა. მეორე მხრივ, მომხმარებლები სწრაფად იღლებიან დაბალხარისხიანი ციფრული ნაგავისგან, რომლის მასშტაბური წარმოებაც მილიარდობით ადამიანისთვის ამ ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობამ განაპირობა.

წყარო: Socialmediatoday;  www.marketer.ge