ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველის“ (Check-In Travel) დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი ამბობს, რომ ჯავშნები აქტიურია და გაზაფხულზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახლა კარგი მდგომარეობაა.

როგორც მან BM.GE-სთან მიმდინარე ტენდენციების შეფასებისას განაცხადა, ტურების ფასები მომატებულია, თუმცა ეს მოთხოვნაზე ნეგატიურად არ ასახულა.

"ძალიან მომატებულია ჯავშნები, პიკია. მაისიდან, უკვე საკმაოდ ბევრი ჯავშანია და კმაყოფილები ვართ. პრაქტიკულად არცერთ რეისზე ჩავარდნა არ არის, თითქმის სექტემბრის ბოლომდე ასეა.

რაც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე პროცესებმა, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა მოახდინა. ფასები გაზრდილია საკმაოდ, სამწუხაროდ. საწვავის ფასების გაზრდამაც იქონია გავლენა და ასევე, ყოველწლიურად, ზოგადად, პაკეტები თითქმის ძვირდება ხოლმე ნებისმიერ მიმართულებაზე. კარგი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან, ამან მომხმარებელთა ჯავშნებზე დიდად არ იმოქმედა, ანუ საკმაოდ აქტიურად გრძელდება", - ამბობს ლევან ოსეფაიშვილი.

მისი ინფორმაციით, მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა საკრუიზო მიმართულებით შეინიშნება.

"რას შეეხება მიმართულებებს, თურქეთი პრაქტიკულად სავსეა და საბერძნეთი, კრეტას მიმართულებით ჩარტერია და ეს ქვეყნები ტრადიციულად ძალიან მოთხოვნადია. ასევე, 2026 წელს ძალიან გაზრდილია, წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად 80%-ით, კრუიზები. ახლა გააქტიურდა ასევე თურქეთის - უფრო პატარა, მოკლე მანძილებია, მაგრამ ძირითადად ხმელთაშუა ზღვა, რომელიც იწყება ან იტალიიდან, ან ესპანეთიდან",- აცხადებს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი.

bm.ge