ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება წარიმართება, რის შემდეგაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას გათიშვების მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია უკვე აქვს, თუმცა საკითხის საბოლოო შესწავლაა საჭირო.

„ჩვენ წინასწარი ინფორმაცია საკმარისზე მეტი გვაქვს. მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წარმოებდა ენგურჰესზე. მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევაა, სისტემა არის მდგრადი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სისტემის მდგრადობა იყოს შენარჩუნებული.

საბოლოო შესწავლა როგორც კი იქნება, მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას. უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ საზოგადოებას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას,”- აღნიშნა პრემიერმა.