ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა. ბოლო რეისები ირანულმა ავიაკომპანიებმა 20 სექტემბერს შეასრულეს. 21 სექტემბრიდან კი მათი საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეიზღუდა.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს აშშ-მ ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას  სანქციები დაუწესა. მათ შორის იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებდნენ.

10 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.

ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს. განცხადებაში ეწერა - „[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები ისევ იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“. 14 სექტემბერს ელჩმა დაამატა, რომ თბილისის გადაწყვეტილებას, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“. მან წერილობით მიმოიხილა „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხი 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის დაასახელა „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის განცხადებების პასუხად ანაცხადა, რომ თბილისის პოლიტიკას „ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“. „თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 17 სექტემბერს კობახიძემ ასევე თქვა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმს ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანას ორმხრივ (ეროვნულ) სანქციებს არ უწესებს. „ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

რაც ეხება ირანიდან საქართველოში ვიტორების რაოდენობას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს ირანიდან 29 397 ვიზიტორი ეწვია, რაც 48,7%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2022 წელს საქართველოში ირანის მოქალაქეების 102 877 ვიზიტი დაფიქსირდა, 2023 წელს - 126 282, 2024 წელს - 145 670, ხოლო 2025 წელს - 120 068.

მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მასალის მიხედვით