თურქეთმა შავ ზღვაში მიმავალი ზოგიერთი კომერციული გემისთვის ტრანზიტის პირობები გაამკაცრა, - ამის შესახებ Bloomberg-ი ("ბლუმბერგი") იუწყება. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება რეგიონში სავაჭრო გემებზე რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების გახშირებას უკავშირდება.
გამოცემის წყაროების ცნობით, თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობეს, რომ მათთვის ტრანზიტის ნებართვები ამ ეტაპზე არ გაიცემა ან განაცხადების განხილვას უფრო მეტი დრო სჭირდება. საუბარია დარდანელის სრუტის გავლით შავ ზღვაში შესვლაზე. ზოგიერთი გემის ოპერატორს ასევე აცნობეს, რომ შეზღუდვა შესაძლოა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ რეისებსაც შეეხოს. შეზღუდვების ზუსტი მასშტაბი და მოქმედების ვადა ამ ეტაპზე უცნობია.
ამასთან, გემების მოძრაობის მონაცემების მიხედვით, თურქეთისა და ბულგარეთის პორტებისკენ მიმავალი ხომალდები დარდანელის გავლით შავ ზღვაში მოძრაობას აგრძელებენ. შესაბამისად, საუბარი არ არის შავ ზღვაში კომერციული გემების შესვლის საერთო აკრძალვაზე.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმების გახშირება. 4 აგვისტოს თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ნოვოროსიისკის მახლობლად დრონით თავდასხმის შედეგად თურქული კომპანიის კუთვნილი სატვირთო გემის ეკიპაჟის სამი წევრი მძიმედ დაშავდა.
Reuters-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში თავდასხმების ზრდა უკვე აისახება საერთაშორისო ვაჭრობაზეც. რეგიონი მარცვლეულის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტია, ხოლო ბოლო კვირების თავდასხმებმა გაზარდა გადაზიდვისა და სადაზღვევო ხარჯები და პერიოდულად შეაფერხა ზოგიერთი საექსპორტო ტერმინალის მუშაობა.
წყაროები:
https://www.reuters.com/world/surge-black-sea-attacks-adds-strain-global-commodity-flows-2026-08-05/