ესპანეთის უძველესი წიგნის მაღაზია — ბურგოსში მდებარე საოჯახო Hijos de Santiago Rodríguez — მკითხველების დახმარებით დახურვას გადაურჩა. მას შემდეგ, რაც მფლობელებმა დაგროვილი ვალების გამო მაღაზიის დახურვის შესახებ განაცხადეს, დახმარების მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.

მაღაზიის გადასარჩენად 60 ათასი ევრო იყო საჭირო. თანხის შეგროვების კამპანია 2026 წლის 1 მაისს დაიწყო და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდებოდა. თუმცა საჭირო თანხის შეგროვება მხოლოდ 12 დღეში მოხერხდა.

Hijos de Santiago Rodríguez გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მცირე საოჯახო წიგნის მაღაზიას სულ უფრო უჭირდა მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და ონლაინმაღაზიებთან კონკურენცია.

შეგროვებული თანხით მფლობელებმა ყველაზე გადაუდებელი ვალები დაფარეს, გადაიხადეს ქირა, თანამშრომლების ხელფასები და მომწოდებლების დავალიანება. ამასთან, კამპანიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვებიც — როგორც თავად მაღაზიაში, ისე მის ვებგვერდზე.

დახმარების კამპანიის წამოწყების იდეა წიგნის კლუბ Minerva-ს წევრებს ეკუთვნით, რომლებიც წლებია ამ მაღაზიაში იკრიბებიან. ინიციატივას მალევე შეუერთდნენ ცნობილი ესპანელი მწერლები, მოგვიანებით კი — ათასობით რიგითი მკითხველი.

ზოგიერთი ადამიანი ესპანეთის სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ბურგოსში ჩავიდა, რათა მაღაზიაში ერთი წიგნი მაინც შეეძინა. სხვებს კი თან მოჰქონდათ ათწლეულების წინ ამავე მაღაზიაში გადაღებული ფოტოები და იხსენებდნენ, როგორ ყიდულობდნენ აქ ბავშვობაში პირველ სასკოლო სახელმძღვანელოებს.

Hijos de Santiago Rodríguez-ის პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ ის მხოლოდ წიგნების გასაყიდი ადგილი არ არის. მაღაზიაში რეგულარულად იმართება წიგნების პრეზენტაციები, ლიტერატურული კლუბების შეხვედრები, კონკურსები და კითხვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქალაქო ღონისძიება.

საბოლოოდ, მკითხველების ფართო მხარდაჭერამ ესპანეთის უძველეს წიგნის მაღაზიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

https://euro-pulse.ru/news/chitateli-ne-dali-zakrytsya-starejshemu-v-ispanii-knizhnomu-magazinu/